მზის სისტემის შორეული მისადგომები წყვდიადით არის მოცული და სულაც არ არის გასაკვირი, რომ იქ არსებულ ობიექტთა შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით. მზის სინათლისგან ასე შორს, შეიძლება მოზრდილი პლანეტაც კი ვერ შევნიშნოთ.
ნეპტუნსგადაღმა ობიექტები ((TNO), ანუ ნეპტუნის ორბიტის იქით არსებული ობიექტები, რომლებიც ამ დრომდე გვაქვს აღმოჩენილი, გარკვეულწილად თავისებური შეჯგუფებებით გამოირჩევიან, რაც იქ დამალულ პლანეტაზე უნდა მიუთითებდეს. სწორედ ამის გამო გაუჩნდათ მეცნიერებს მოსაზრება მეცხრე პლანეტის შესახებ — დიდი, კლდოვანი პლანეტა, რომელიც ჩვენი მხედველობის მიღმა უნდა იმალებოდეს.
ამჯერად, ორი მეცნიერი ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს: უფრო მოკრძალებული, დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობს, ვიდრე სადავო მეცხრე პლანეტა, თანაც დახრილ ორბიტაზე, რამაც კარგად უნდა ახსნას ის უცნაური ქცევა, რასაც რაღაც უფრო დიდი ობიექტის არსებობას უკავშირებენ.
იაპონიის კინდაის უნივერსიტეტისა და იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის პლანეტური მეცნიერების, პატრიკ სოფია ლიკავკას და ტაკაში იტოს განცხადებით, ეს პლანეტა, მზისგან ძალიან შორსაა, გაყინული და ბნელია და მასით დედამიწას სამჯერ უნდა აღემატებოდეს, უნდა მოძრაობდეს მზისგან მაქსიმუმ 500 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ერთი ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის).
„ჩვენი პროგნოზით, მზის სისტემის გარე ნაწილში, თავისებურ ორბიტებზე უნდა მოძრაობდეს დედამიწის მსგავსი პლანეტა და რამდენიმე ნეპტუნსგადაღმა ობიექტი და დაკვირვებებით შესაძლებელი უნდა იყოს მათი ნიშნების დაფიქსირება“, — წერენ მკვლევრები.
ამ დროისათვის, ყველაზე შორეული ობიექტი, რომელიც მზის სისტემაში გვაქვს დაფიქსირებული, აღმოჩენის დროს მზისგან 132 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იყო. შედარებისათვის გეტყვით, რომ პლუტონი მზისგან დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს.
ნეპტუნს გადაღმა (მზისგან 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილი) უამრავი ყინულოვან-კლდოვანი ობიექტი და ჯუჯა პლანეტაა, იქამდე, სადამდეც ამჟამად ვხედავთ. ეს გახლავთ კოიპერის სარტყელი, მასში არსებულ ობიექტებს კი ნეპტუნსგადაღმა ობიექტებს (TNO) უწოდებენ.
ბოლო წლებში, უფრო მგრძნობიარე ტელესკოპებით გაცილებით მეტი ნეპტუნსგადაღმა ობიექტი აღმოაჩინეს, რომელთა საფუძველზეც მეცნიერებმა რაღაც მახასიათებლები შენიშნეს.
ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელია შეჯგუფება. ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა ზოგიერთი ჯგუფი ერთად მოძრაობს დახრილ ან გადახრილ ორბიტებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს რაღაც გაცილებით დიდი, ვიდრე ის პატარა ობიექტები, რომლებსაც იქ ამჟამად ვხედავთ.
2016 წელს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა, მაიკ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ამის მიზეზი მეცხრე პლანეტა უნდა იყოს. მათი აზრით, ეს პლანეტა დედამიწაზე დაახლოებით 6,3-ჯერ მასიური უნდა იყოს და მზისგან 460 ასტრონომიულ ერთეულზე დიდი მანძილით უნდა იყოს დაშორებული.
თუმა, ისინი სულაც არ იყვნენ პირველები, ვისაც ასეთი მოსაზრება გაუჩნდათ. ლიკავკამ და მისმა კოლეგა ტადაში მუკაიმ ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა შეჯგუფება პირველად 2008 წელს შენიშნეს და კოიპერის სარტყელში დამალული ჰიპოთეტური პლანეტის შესახებ მოსაზრებაც მაშინ წამოაყენეს.
ამჯერად, როცა უფრო მეტი მონაცემები აქვთ, ლიკავკამ და იტომ საკუთარ მოაზრებას გადახედეს და დახვეწეს კიდეც. დაადგინეს ჰიპოთეტური პლანეტის ისეთი მახასიათებლები, რომლებმაც შეიძლება ახსნას კოიპერის სარტყლის რამდენიმე უცნაურობა. ალბათ შემდეგი დაკვირვებები განსაზღვრავს, არიან თუ არა ისინი მართლები.
„განვსაზღვრეთ, რომ შორს და დახრილ ორბიტაზე მდებარე დედამიწის მსგავს პლანეტას შეუძლია ახსნას შორეული კოიპერის სარტყლის სამი ფუნდამენტური თვისება: ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა გამოკვეთილი პოპულაცია ნეპტუნის გრავიტაციული გავლენის მიღმა ორბიტებზე; ძლიერი დახრილობის ობიექტთა დიდი პოპულაცია; და თავისებური ორბიტის მქონე ექსტრემალურ ობიექტთა არსებობა“, — წერენ მკვლევრები.
დედამიწის მსგავს ამ პლანეტას 1,5 – 3 დედამიწის მასა უნდა ჰქონდეს, ორბიტა კი მზისგან ყველაზე შორეულ წერტილში მზისგან 250-500 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე უნდა იყოს; ორბიტის დახრილობა მზის სისტემის ორბიტული სიბრტყის მიმართ 30 გრადუსი უნდა იყოს.
მისმა არსებობამ უნდა ახსნას ობიექტთა 45-გრადუსზე მეტით დახრილობა, ასევე ჯუჯა პლანეტა სედნას ორბიტა, რომელიც განსაკუთრებით უცნაური და წაგრძელებულია. ამას გარდა, აიხსნება ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა ჯგუფების მახასიათებლებიც, რაც ხშირად კვლევებს მიღმა რჩება.
მკვლევართა წყვილის დასკვნები ჰიპოთეტური პლანეტის შესამჩნევი ხელწერის დაფიქსირების საშუალებას გვთავაზობს. 150 ასტრონომიული ერთეულის იქით, პლანეტის გრავიტაცია ნეპტუნსგადაღმა ობიექტებს გროვებად უნდა აჯგუფებდეს და მათი პოვნა ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად უნდა შევძლოთ.
„კოიპერის სარტყელში ორბიტული სტრუქტურის უფრო დეტალურად ცოდნით, შეგვიძლია დავადასტუროთ ან გამოვრიცხოთ მზის სისტემის გარე ნაწილში რაიმე ჰიპოთეტური პლანეტის არსებობა. კოიპერის სარტყელში პლანეტის არსებობა ახალ ცნობებს მოგვცემს იუპიტერსგადაღმა რეგიონში პლანეტების ფორმაციისა და დინამიკის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.