ასტრონომები წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის აფეთქებას დააკვირდნენ — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
რაც უფრო მძლავრი ხდება ჩვენი ტელესკოპები, მით უფრო ბევრ თვალწარმტაც კოსმოსურ სანახაობას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ წინაშეა მათ შორის ყველზე ამაღელვებლის ტიტულის პრეტენდენტი: მკვლევართა განცხადებით, ისტორიაში პირველად დააკვირდნენ წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებას.
სუპერნოვას, რომელსაც SN 2020tlf უწოდეს, 130 დღის განმავლობაში უყურებდნენ, როგორ ისროდა გიგანტურ ჭავლებს; ჩვენს მზეზე დაახლოებით ათჯერ მასიური ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 120 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 5731-ში აფეთქდა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მომაჯადოებელი მოვლენის ეს უპრეცედენტო სანახაობა გვიჩვენებს, რომ სუპერნოვას აფეთქების თვალსაზრისით, „შტორმის წინ სიმშვიდე“ ყოველთვის არ არის, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.
„ნამდვილი გარღვევაა მასიური ვარსკვლავის აფეთქების წინა პერიოდის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში. წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სუპერნოვამდელი აქტივობა აქამდე პირდაპირ არასოდეს დაგვიფიქსირებია ჩვეულებრივი II ტიპის სუპერნოვაში. ისტორიაში პირველად ვუყურეთ, როგორ აფეთქდა წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი!“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ვინ იაკობსონ-გალანი.
სუპერნოვა მაშინ ხდება, როდესაც მასიური ვარსკვლავი კვდება, ანუ საწვავს ამოწურავს და საკუთარ თავში კოლაფსირდება, როცა გრავიტაციის ძალებსა და ბირთვულ რეაქციებს ბალანსის შენარჩუნება აღარ შეუძლიათ. კოლაფსს სუპერკაშკაშა აფეთქება მოჰყვება, რა დროსაც კოსმოსში შოკური ტალღები იტყორცნება და რჩება მკვრივი ბირთვი, რომელსაც გარს აკრავს გაზის ღრუბელი, იგივე ნისლეული.
ეს დრამატული პროცესი რეალურ დროში აქამდე არასოდეს გვქონდა ნანახი. დაკვირვებებში ორი ტელესკოპი იყო ჩართული, ორივე ჰავაიზე: ჰავაის უნივერსიტეტის Pan-STARRS-ი და კეკის ობსერვატორია.
შეგროვებული მონაცემები უკვე გვაძლევს ახალ ცნობებს. მაგალითად, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აფეთქებისას ვარსკვლავს გარს ეკრა ახლოვარსკვლავური მატერია, რომელიც, მკვლევართა აზრით, იგივე გაზი იყო, რომელიც მათ რამდენიმე თვით ადრე შენიშნეს წითელი სუპერგიგანტიდან ამოტყორცნილი.
„საათის მექანიზმიანი, მოწიკწიკე ბომბის ყურებას ჰგავს. არასოდეს გვქონდა ნანახი მომაკვდავი წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის ასეთი სასტიკი აქტივობა, როგორ წარმოქმნა ასე კაშკაშა გამოსხივება, შემდეგ კოლაფსირდა და შემდეგ აფეთქდა“, – აღნიშნავს ასტროფიზიკოსი რაფაელა მარგუტი.
დაკვირვებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ როგორც ჩანს, სუპერნოვად აფეთქებამდე, სულ მცირე ზოგიერთი წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის; სავარაუდოდ ეს გახლავთ ბირთვული საწვავის წვის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებული არასტაბილურობები, რამაც ამ შემთხვევაში სასტიკი ამოფრქვევები და სიკაშკაშე წარმოქმნა.
ამ კონკრეტული ვარსკვლავის შესახებ ასტრონომებს პირველ რიგში ამცნო რადიაციული სინათლის მაღალმა დონემ. სუპერნოვას აფეთქებიდან კიდევ 300 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რამაც ასტრონომებს ამ ფენომენის შესახებ კიდევ უფრო მეტი ცნობები მისცა.
დაკვირვებები პროექტ Young Supernova Experiment-ის ფარგლებში ჩაატარეს; ეს გახლავთ მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანიც არის, ღამის ცაზე გამოავლინოს ძალიან ადრეულ ეტაპებზე მყოფი ვარსკვლავური აფეთქებები. მიღებული ინფორმაციის საშუალებით, სუპერნოვების შემჩნევა უფრო გაადვილდება უშუალოდ აფეთქებამდე.
„ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ იმ ახალი ცნობებით, რაც ამ აღმოჩენით მივიღეთ. SN 2020tlf-ის მსგავსი უფრო მეტი მოვლენის აღმოჩენა დრამატულ გავლენას მოახდენს ვარსკვლავური ევოლუციის ფინალური თვეების შესახებ ჩვენს ცოდნაზე; დამკვირვებლებსა და თეორეტიკოსებს გააერთიანებს, რათა ამოხსნან მასიურ ვარსკვლავთა უკანასკნელი თვეების საიდუმლო“, — ამბობს იაკობსონ-გალანი.
კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზაებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.