ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშებში მზის სისტემაზე უფრო ძველი ვარსკვლავური მტვრის მარცვლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დედამიწასთან შედარებით ახლომდებარე ასტეროიდიდან ჩამოტანილი ფრაგმენტები იმდენად ძველი აღმოჩნდა, რომ ასაკით თავად მზის სისტემასაც კი აღემატება.
ასტეროიდ რიუგუს ნიმუშების ახალი ანალიზის შედეგად, მასში გამოვლინდა მინერალის მარცვლები, რომლებიც ჩვენს მზემდე არსებული სხვა, ბებერი ვარსკვლავის აფეთქების ჭავლებშია წარმოქმნილი.
როგორც წინა კვლევამ ცხადყო, რიუგუს ეს მზემდელი მარცვლები ძლიერ ჰგავს მეტეორიტთა კლასს, რომელსაც ივუნას-ტიპის ნახშირბადოვან (CI) ქონდრიტებს უწოდებენ. თუმცა, ზოგიერთი მყიფე მარცვალი მიუთითებს, რომ რიუგუს ზოგიერთი ნაწილი შეიძლება საერთოდ არ იყოს შეცვლილი იყოს ასტეროიდის წარმოქმნის შემდეგ.
„იაპონიის კოსმოსურ ხომალდ ჰაიაბუსა-2-ის მიერ ასტეროიდ რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშები შეიცავს მზემდელ ვარსკვლავის მტვრის მარცვლებს. რაოდენობა და შემადგენლობა CI ქონდრიტებში არსებული მზემდელი მასალის მსგავსია. შედეგად, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები კიდევ ერთ მტკიცებულებას გვაძლევს იმისა, რომ ასტეროიდი რიუგუ ახლო კავშირშია CI ქონდრიტებთან“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
როგორც ისინი აღნიშნავენ, რიუგუს მცირე ნაწილი ძლიერ ცვლილებებს გადაურჩა და სწორედ ასე შემოგვინახა ისინი.
მზემდელ მარცვლებში იზოტოპთა პროპორციების შემონახვის გამო, ისინი ძლიერ ფასობს, რადგან შეიცავს ცნობებს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ჩვენთვის შორეულ, ძველ ვარსკვლავში მიმდინარეობდა. მათი გამოყენებით შესაძლებელია გავიგოთ მზის გარდა სხვა ვარსკვლავთა ევოლუციური პროცესები, ასევე უკეთესად შევისწავლოთ მზის სისტემის ის ქვები, რომლებშიც ისინი მოხვდა და ჩაიჭედა.
ამას გარდა, მზემდელი მარცვლები წარმოუდგენლად იშვიათია. ისინი ძირითადად ნახშირბადოვან ქონდრიტებში გვხვდება, რომლებიც თავის მხრივ, დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებშია მცირე რაოდენობით. ამავე დროს, მზემდელი მარცვლები ნახშირბადოვანი ქონდრიტების მხოლოდ ხუთ პროცენტშია აღმოჩენილი. ამ დროისათვის ჩვენ მიერ აღმოჩენილთა შორის უძველესის ასაკი 5-7 მილიარდი წელია, მაშინ, როცა ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა.
რიუგუს ნიმუშებში გარკვეული მზემდელი მარცვლები რამდენიმე წინა კვლევამ გამოავლინა. ამჯერად, ყოვლისმომცველი კვლევა ჩაატარა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის კოსმოქიმიკოსი იენს ბაროში ხელმძღვანელობდა. შედეგად, მკვლევრებმა იპოვეს 57 მარცვალი მზემდელ იზოტოპთა პროპორციებით.
ეს მარცვლები ჯგუფმა მეტეორიტებში ნაპოვნ მარცვლებს შეადარა და დაადგინა, რომ რიუგუ შემადგენლობით ძლიერ ჰგავს CI ქონდრიტებს. ეს გახლავთ ნახშირბადოვან ქონდრიტთა იშვიათი ქვეტიპი, რომლებიც მეტეორიტებს შორის ქიმიური შემადგენლობით ყველაზე მეტად ჰგვანან მზეს და ამავე დროს შეიცავენ მნიშვნელოვანი ოდენობის წყალს.
რიუგუს ნიმუშთა მინერალოგია მიუთითებს, რომ რიუგუს მშობელ სხეულზე წყალი-ქვის ურთიერთქმედებათა დროს, წყლის მიერ მომხდარია დიდი ცვლილება. სწორედ აქ იქყება ბევრი საინტერესო — რადგან ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მარცვლებიდან სულ მცირე ერთი, არის მზემდელი სილიკატი. გამომდინარე იქიდან, რომ სილიკატები წყლის მიერ შეცვლის დროს ადვილად ნადგურდება, მკვლევრები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მოულოდნელი იყო.
შესაბამისად, მზემდელი სილიკატები ქვის მხოლოდ მცირე სექციებით, ანუ კლასტებით შემოიფარგლება, რომლებიც უფრო ნაკლებად არის შეცვლილი, ვიდრე მთლიანად რიუგუს ქსოვილი და შეიცავენ მინერალებს, რომლებშიც წყალი არ არის. ამიტომ, ამ კლასტებს შეუძლია შეინახოს ფაქიზი მარცვლები, რომლებიც სხვაგვარად უბრალოდ ვერ გადარჩებოდა.
მკვლევართა განცხადებით, სხვა ასეთივე ფაქიზი მზემდელი მარცვლები შეიძლება ვიპოვოთ CI მეტეორიტების ასეთივე უწყლო კლასტებში, მათ შორის იუვუნაში, რომლის გამოც ეწოდა ამ კლასს სახელი და რომლებიც ჯერ ამ გზით შესწავლილი არ არის.
„ამ კლასტებში მზემდელი მასალების არსებობამ ან არარსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგვცეს მათი წარმოშობისა და მეორეული პროცესების ისტორიის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, რიუგუს ნიმუშებში მზემდელი მარცვლების სისტემატურად ძებნა მნიშვნელოვან მონაცემებს მოგვცემს ამ ასტეროიდში მზემდელი მარცვლების ოდენობისა და მახასიათებლების შესახებ; შედეგად, ამ ძვირფასი ნიმუშებისგან სამეცნიერო ინფორმაციის მაქსიმუმს მივიღებთ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.