აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი New York Times-ის სკანდალური სტატიის ავტორობას უარყოფენ
გამოცემა New York Times-ში სკანდალური სტატიის გამოქვეყნებას ამერიკელი მაღალჩინოსნები ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამერიკულ გამოცემაში დაბეჭდილი ანონიმური სტატიის ავტორობას უარყოფენ.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნულ საკითხზე ნიუ დელიში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა. მაიკ პომპეომ პუბლიკაციის ავტორობა უარყო. მისი თქმით, სტატია სახიფათო ნიშანია იმისა, რომ ვიღაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამხობას ცდილობს.
ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ საავტორო სვეტში სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში, მაიკ პენსი საკუთარ სახელს ყოველთვის აწერს.
ცოტა ხნის წინ New York Times-ში დონალდ ტრამპის უხეში კრიტიკის შემცველი პუბლიკაცია გამოჩნდა. სტატიიდან ირკვევა, რომ ავტორი თავად ადმინისტრაციის წევრია. მისი თქმით, ის თეთრი სახლში არსებული წინააღმდეგობის ნაწილია. პუბლიკაციაში ქვეყნის პირველი პირის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა მკაცრად არის გაკრიტიკებული და აღნიშნულია, რომ მისი ადმინისტრაცია არასწორი გადაწყვეტილების თავიდან აცილების მიზნით, ტრამპს გამუდმებით ეწინააღმდეგება.
სკანდალური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკულმა მედიამ სკანდალური სტატიის სავარაუდო ავტორების სია შეადგინა. მასში, მაიკ პენსსა და მაიკ პომპეოსთან ერთად, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი მოხვდნენ. 13 მაღალჩინოსნისგან შემდგარ სიაში არიან პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი და გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი ნიკი ჰეილიც.