სირიის ჩრდილოეთ ქალაქ მანბიჯზე აშშ თურქეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.
ჯეიმს მეტისის თქმით, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის და ბევრმა საუბარმა შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.
ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში აფრინისა და აზაზის შემდეგ, თურქეთს სამხედრო ოპერაციის დაწყება მანბიჯის მიმართულებითაც სურს.
თურქეთის გეგმასთან დაკავშირებით ვაშინგტონმა შეშფოთება გამოთქვა, რადგან ქალაქ მანბიჯში ამ დროისთვის 2 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 800-ზე მეტი ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა, ქურთების სამხედრო ჯგუფების დაბომბვებს კი თურქეთში 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ქურთული სააგენტოები წერენ, რომ თურქეთის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო, რაც მიზნად სასაზღვრო ზოლში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს.