აშშ ისტორიულ სამიტამდე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს
აშშ ისტორიულ სამიტამდე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიულ სამიტამდე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დააწესებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ვაშინგტონში იმედს არ კარგავენ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრა 12 ივნისს შედგება.

ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ამერიკის შეერთებულ შტატებს 29 მაისს უნდა აემოქმედებინა. თუმცა, ჩრდილოეთ კორეაში სამიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ფილიპინებში აშშ-ის ელჩი სულ კიმი ხელმძღვანელობს, სანქციების დაწესება დროებით გადაიდო.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესახებ საუბარი მარტში დაიწყო, როდესაც ფხენიანი ისტორიული სამიტის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებზე სასაუბროდ ჩრდილოეთ კორეას აპრილის დასაწყისში მაიკ პომპეო ეწვია, რომელიც მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ისტორიული სამიტის შესაძლო გაუქმების შესახებ განაცხადა. მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა, რომლებიც ღია მუქარას შეიცავდნენ. თუმცა, 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე ჩრდილოეთ კორეასთან პროდუქტიული მოლაპარაკებების შესახებ დაწერა და სინგაპურში დაგეგმილი სამიტის დროულად ჩატარება არ გამორიცხა.

ისტორიული სამიტისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.