აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები ჩინურ ტექნოლოგიებზე უარს ამბობენ
აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები ჩინურ ტექნოლოგიებზე უარს ამბობენ

ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტები Huawei-სა და სხვა ჩინური კომპანიების მიერ მიწოდებულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე უარს ამბობენ.

Reuters-ის ვარაუდით, უნივერსიტეტების უარი ფედერალური დაფინანსების დაკარგვის შიშითაა გამოწვეული, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტზე მიბმულ ორგანიზაციებს ჩინური წარმოების მოწყობილობების გამოყენებას უზღუდავს.

კალიფორნიისა და ბერკლის უნივერსიტეტებმა ვიდეოკონფერენციების საკუთარი სისტემიდან Huawei-ის მოწყობილობა ამოიღეს. აშშ-ის სხვა უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი, მათ შორის ვისკონსინის უნივერსიტეტიც, მოცემულ ეტაპზე განიხილავს ჩინური მოწყობილობების ამოღების საკითხს. სან-დიეგოს უნივერსიტეტი კი, უფრო შორსაც წავიდა და გასული წლის აგვისტოში ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის შეჩერებაზე 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

უნივერსიტეტმა Huawei-სა და ZTE -ს, ასევე სხვა ჩინური აუდიო-ვიდეო მოწყობილოებების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან გაწეულ სპონსორობაზეც უარი თქვა. ამ პერიოდის განმავლობაში სან-დიეგოს უნივერსიტეტი აღნიშნულ კომპანიებთან არც სხვა სახის გარიგებას აწარმოებს, რაც შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტთან წინააღმდეგობაში  მოვიდეს.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ აქამდე ამერიკული უნივერსიტეტების მხრიდან ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის ფაქტები არ ხმაურდებოდა, რადგან, აშშ-ის და ზოგადად მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების დიდ ნაწილს ჩინური კომპანიები წლების მანძილზე ფინანსურად ეხმარებოდნენ და ტექნოლოგიურ მოწყობილობებსაც აწვდიდნენ.

ეს პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია და ზოგადად დასავლური ქვეყნები დაეჭვდნენ, რომ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ჩინელი წარმომადგენლები ისეთ პროდუქციას უშვებენ, რაც პეკინსა და სხვა ქვეყნებში თვალთვალის საშუალებას აძლევს.

2018 წლის აგვისტოში ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის მარეგულირებელ აქტს, რომელიც ფედერალურ დაფინანსების მიმღებ სუბიექტებს Huawei-სა და ZTE -ის პროდუქციის გამოყენებას უკრძალავს. შავ სიაში სხვა ჩინური კომპანიებიც არიან მათ შორის Hikvision, Hytera, Dahua Technology და მათთან ასოცირებული კომპანიები.

თუ 2020 წლის აგვისტომდე ამერიკული უნივერსიტეტები ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ მოერგებიან, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას დაკარგავენ.

უნივერსიტეტებს ფედერალურმა ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაკადიც შეუზღუდა, რაც საერთაშორისო სტუდენტებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია და უნივერსიტეტების შემოსავლებზეც მკვეთრად აისახება. უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხოვნები უნივერსიტეტებს ჩინური კომაპნიებისაგან მეცნიერული კვლევებისა და აკადემიური მიზნით გაწეულ დაფინანსების მიღებასაც უზღუდავს.

ჩინეთის მთავრობა და თავად კომპანიები დასავლეთის ბრალდებას უარყოფენ, მაგრამ ამაოდ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე სახელმწიფომ ოფიციალურად თქვა უარი ჩინურ ტექნოლოგიებზე. ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ჩინური გიგანტი Huawei-ი დგას. კომპანიის მთავარი ფინანსისტი კანადაში გასული წლის დეკემბერში შინა პატიმრობაში აიყვანეს ირანთან უკანონო თანამშრომლობის ბრალდებით. პოლონეთში კი, კომპანიის თანამშრომელი სულ ცოტა ხნის წინ შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. უსაფრთხოების რისკების მოტივით კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტმა.
Huawei-ი კომენტარს არ აკეთებს.