აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვულოცავთ უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასახავს აქტიურ დემოკრატიას ქვეყანაში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვულოცავთ უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასახავს აქტიურ დემოკრატიას ქვეყანაში

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები იყო მშვიდობიანი, კონკურენტული და მისი შედეგები წარმოადგენს ხალხის ნებას.

„ვულოცავთ უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასახავს აქტიურ დემოკრატიას უკრაინაში 2014 წლის ღირსების რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ და რუსეთის ხუთწლიანი უმოწყალო აგრესიის შემდეგ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ვაშინგტონი მიესალმება ეუთო-ს შეფასებას ჩატარებული არჩევნების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე რჩება. აშშ გააგრძელებს უკრაინაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას, რათა მივაღწიოთ ჩვენი ორი სახელმწიფოს საერთო მიზანს – უსაფრთხო, განვითარებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ უკრაინას“, – ნათქვამია განცხადებაში.