აშშ-ის ანგარიშვალდებულების პალატა - დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით კანონი დაარღვია
აშშ-ის ანგარიშვალდებულების პალატა - დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით კანონი დაარღვია

აშშ-ის კონგრესის დამოუკიდებელ სამეთვალყურეო ორგანოში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით კანონი დაარღვია.

ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ანგარიშვალდებულების პალატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტის ავტორი იურისტი თომას არმსტრონგი აცხადებს, რომ „კანონი არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას, საკუთარი პრიორიტეტებით ჩაანაცვლოს ის, რაც კონგრესმა დააკანონა“.

საქმე ეხება 214 მილიონ დოლარს, რომელიც 2019 წელს პენტაგონს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით უნდა გადაერიცხა. ეს თანხა გამოყოფილი იყო „უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 2016 წელს კონგრესმა დაამტკიცა.

საპასუხოდ აშშ-ის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება შემოწმებას უკავშირდებოდა, რომლის ფარგლებშიც თეთრ სახლს უნდა დაედგინა, რომ „ეს თანხა აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკის შესაბამისად იხარჯება“.

უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის შესწავლა ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს დაავალა.

დემოკრატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა, რათა ზემოქმედება მოეხდინა უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა კიევს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტ ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

უკრაინის ხელისუფლებაზე შესაძლო ზემოქმედება ერთ-ერთი საკითხია, რომლის საფუძველზეც დემოკრატებმა ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს.