2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის აშშ-მა უკრაინის რადას დეპუტატ ანდრეი დერკაჩთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის აშშ-მა უკრაინის რადას დეპუტატ ანდრეი დერკაჩთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის აშშ-მა უკრაინის რადას დეპუტატ ანდრეი დერკაჩთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა დამატებითი ზომები მიიღო შვიდი ფიზიკური პირის და ოთხი სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთთან დაკავშირებული უცხოური გავლენის ქსელის ნაწილს, რომელიც თავის მხრივ ანდრეი დერკაჩს უკავშირდება.

სიაში მოხვდნენ „უკრაინის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები“ კონსტანტინე კულიკი, ალექსანდრე ონიშჩენკო და ანდრეი ტელიჟენკო, უკრაინის პარლამენტის ამჟამინდელი წევრი ალექსანდრე დუბინსკი, ასევე დერკაჩის თანაშემწეები პეტრო ჟურაველი, დიმიტრი კოვალჩუკი და ანტონ სიმონენკო.

გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცნენ ჟურაველის საკუთრებაში არსებული საინფორმაციო პორტალები „ონლი ნიუსი“ და „სკეპტიკი“, ასევე „ნაბუ ლიქსი“ და „ერა მედია“, რომლებიც, ვაშინგტონის თანახმად, „დერკაჩის ინტერესებიდან გამომდინარე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ“.

უკრაინული მედია წერს, რომ გასული წლის სექტემბერში აშშ-მა დააწესა სანქციები დეპუტატ დერკაჩის წინააღმდეგ, რომელიც ბაიდენზე „კომპრომატებს“ აგროვებდა. გასული წლის მაისში დერკაჩმა გამოაქვეყნა სავარაუდოდ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საუბრების ჩანაწერები, რომლებიც, მისი სიტყვებით, „უკრაინის გარე კონტროლს მოწმობდა“.

დატოვე კომენტარი