„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო. ამის შესახებ ნათქვამია ჯონ ბოლტონის წიგნში, სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

„წიგნი ადასტურებს წარმომადგენელთა პალატაში გახმიანებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უკრაინის მიმართ ტრამპის ქმედებებით შეშფოთებული იყო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ბოლტონის წიგნში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას რაიმე სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს, „ვიდრე არ მიიღებს ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიების ყველა მასალას“.

ბოლტონი მემუარებში ამტკიცებს, რომ ის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი 10-ჯერ მაინც შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტრამპი, განეახლებინა უკრაინის სამხედრო დახმარება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი იყო დემოკრატების მიერ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის საქმეში. დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ცდილობდა, რათა ვლადიმირ ზელენსკის გაეცა განკარგულება, რომ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ვაჟის უკრაინულ კომპანიაში საქმიანობის შესახებ გამოძიება დაწყებულიყო. ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან სენატში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჰყავთ.

დატოვე კომენტარი