აშშ-იდან დაბრუნებული 79 მოსწავლე ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს
აშშ-იდან დაბრუნებული 79 მოსწავლე ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან. ისინი ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ სატუმროში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და ისე დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით, პერსონალური ჰიგიენური საშუალებებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.