აშშ ირანული ნავთობის იმპორტზე ზოგიერთი ქვეყნისთვის დაწესებულ შეღავათებს აღარ გაახანგრძლივებს
აშშ ირანული ნავთობის იმპორტზე ზოგიერთი ქვეყნისთვის დაწესებულ შეღავათებს აღარ გაახანგრძლივებს

ამერიკის შეერთებული შტატები მაისში აღარ გაახანგრძლივებს ზოგიერთი ქვეყნისთვის დაწესებულ შეღავათებს, რომლებიც მათ ირანული ნავთობის იმპორტის საშუალებას აძლევდა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიზანი ირანიდან ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანა და ამგვარად რეჟიმის შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დატოვებაა.

განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები მტკიცედ აპირებენ თეირანზე ეკონომიკური ზემოქმედების გაძლიერებას. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის აშშ-ის, მისი პარტნიორების სტაბილურობასა და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებას.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ ირანიდან ნავთობის იმპორტიორებს აშშ სანქციებს დაუწესებს.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ არანაირ გამონაკლისს აღარ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებასა და მათი დაცვის მონიტორინგს. ნებისმიერმა ქვეყანამ ან სუბიექტმა, რომელსაც ურთიერთობა აქვს ირანთან, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. რისკები არ ღირს მიღებულ სარგებლად“, – განაცხადა პომპეომ.

2018 წლის მაისში აშშ ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. აღნიშნული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ითვალისწინებდა. ნოემბერში ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა და მსოფლიოს ქვეყნებს ირანული ნავთობის იმპორტის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა ექვსთვიანი გამონაკლისი რვა ქვეყნისთვის დაუშვეს. აღნიშნულ სიაში იყვნენ ინდოეთი, ჩინეთი, ტაივანი, სამხრეთ კორეა, თურქეთი, საბერძნეთი და იტალია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას, არ გაახანგრძლივოს ირანული ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული გამონაკლისები. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა გააგრძელოს „ირანის ტერორისტულ რეჟიმზე ზემოქმედება“. ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება სწორი გზაა ირანის აგრესიის შესაჩერებლად.

თავის მხრივ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ ანკარაში უკმაყოფილება გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს არ უწყობს.