აშშ ესპანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს
აშშ ესპანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს

აშშ შავ ზღვაში რუსეთის შეკავების მიზნით, ესპანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს.

აშშ ესპანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს. საუბარია გიბრალტარის სრუტის სიახლოვეს მდებარე დასახლება როტაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ჯარისკაცების რაოდენობის 50%-ით გაზრდა იგეგმება. ამის მიზანი რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის შეკავებაა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კერძოდ, აშშ როტაში დამატებით ორი სამხედრო ხომალდისა და 600 საზღვაო ქვეითის დისლოცირებას აპირებს. შედეგად, ესპანეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზაზე სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა 8000 მიაღწევს.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ამერიკული კონტინგენტის გაზრდის მიზანი შავ და ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის შეკავება, ნატო-ს სამხრეთის ფლანგის ბალისტიკური რაკეტებისაგან დაცვის გაძლიერება და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაა.

ესპანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ მოლაპარაკება მადრიდთან უკვე მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდება, რაც ესპანეთში მთავრობის ფორმირება დასრულდება.