არსებული ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის ჩამოშლას მოჰყვა
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის მასის ჩამოშლას მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, 30 წლამდე მამაკაცი შემთხვევის დროს გვირაბში იმყოფებოდა.
მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.