კაცობრიობის სამომხმარებლო მოთხოვნილებები მრავალფეროვანია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. დომინოს მსგავსად, ერთში გაჩენილი არასტაბილურობა მძიმედ მოქმედებს ხაზში მყოფ სხვებზე და წარმოქმნის საზღვრების მთელ კრებულს, რომელთა დარღვევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა არაერთხელ გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი მადა ზეწოლას ახდენს სულ მცირე ამ რამდენიმე საზღვარზე, თანაც რღვევის წერტილამდე. თუმცა, რამდენად მოსახერხებელიც არ უნდა იყოს ჩვენი გლობალური ეკოლოგიის ამ გზით ინტერპრეტირება, ვერ ითვალისწინებს იმ ხელმისაწვდომობას, რომელიც შეიძლება საჭირო რესურსებზე გვქონდეს (და ხშირად არ გვაქვს).
მკვლევართა დიდი საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ახალი მოხსენების თანახმად, როდესაც სიმართლე და სამართლიანობა თითოეულ სფეროშია გათვალისწინებული, ჩვენი პლანეტის სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემები ვერ მოერგო არა მხოლოდ რამდენიმე საზღვარს, არამედ სულ მცირე შვიდს რვიდან.
ჩვენი წყალობით, კლიმატი, ბიოსფერო, წყლის ციკლი, ატმოსფერო და საკვებ ნივთიერებათა ციკლი დედამიწაზე, უკვე სახიფათო ნიშნულზეა მისული პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.
თუმცა, როდესაც გათვალისწინებულია სამართლიანობა, ზოგიერთი სცენარი უფრო ადრე იწყებს გავლენას ჩვენი პლანეტის ზოგიერთ ნაწილზე და აქვს გაცილებით მტკიცე საზღვრები. მაგალითად, აეროზოლები მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ. მოწყვლადი ჯგუფები არაპროპორციულად მეტად ზარალდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაცილებით ნაკლებად აბინძურებენ.
„უსაფრთხო პლანეტური საზღვრების“ იდეა მკვლევართა ამავე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა 2009 წელს შეისწავლა. მათ შორის იყო პოტსდამის კლიმატური გავლენის ინსტიტუტის კლიმატური მეცნიერი იოჰან როკშტორმი.
მაშინ, როკშტორმა და მისმა კოლეგებმა მხოლოდ ის განიხილეს, რა „უსაფრთხო“ ბიოფიზიკური საზღვრები ჰქონდა გადალახული დედამიწას. სამართლიანობის ზღვრის დამატებით, ახალი მიდგომა ითვალისწინებს ადამიანის ხელმისაწვდომობას წყალზე, საკვებზე, ენერგიაზე, ჯანდაცვასა და სუფთა გარემოზე.
რა თქმა უნდა, სურათის გაუმჯობესება არც კი შეინიშნა. ახალი მოხსენება კიდევ უფრო დამთრგუნველია.
„მეცნიერება მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ მთელი პლანეტის დესტაბილიზაციის რისკის წინაშე ვართ“, — ამბობს როკშტორმი.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო ქვეყნები წვავენ წიაღისეულ საწვავს, აწარმოებენ სინთეტიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, ჩეხენ ტყეებს, იღებენ გრუნტის წყლებს, ანგრევენ მდინარეებს, გარემოს აბინძურებენ სასუქებით, პლასტმასით, მუდმივი ქიმიური ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, მძიმე ლითონებითა და ანტიბიოტიკებით.
მეცნიერთა განცხადებით, საჭიროა ამ ყველაფრის შეცვლა და კლიმატური მოქმედებების პრიორიტეტად დასახვა.
როკშტორმი და მისი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ყველაფრის „უსაფრთხო“ და „სამართლიან“ საზღვრებში შესანარჩუნებლად, გლობალური დათბობა ისე უნდა შეიზღუდოს, რომ საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე არსებულს 1 °C-ზე მეტით არ გადააჭარბოს.
ეს კი ამჟამინდელ კლიმატურ მიზნებზე გაცილებით დაბლაა, ისევე როგორც რეალობაზე — 2023 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,2 °C-ით მაღალი იქნება. მკვლევართა განცხადებით, 1,5 °C ან 2 °C-ით დათბობით გარდამტეხი წერტილების ალბათობა ძლიერ იზრდება.
ამ წერტილზე, არსებითად იზრდება ბიოსფეროს დაზიანებისა და შემდეგი კლიმატური უკუკავშირების მარყუჟების გაჩენის რისკი. შედეგად, რისკის წინაშე პირველ რიგში დადგებიან მოწყვლადი, ღარიბი და მარგინალიზებული ადამიანები.
1,5 °C-ით მატების შემთხვევაში (პარიზის კლიმატური შეთანხმების ამჟამინდელი მიზანი), დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ექსტრემალურ ტემპერატურებში და 500 მილიონ ადამიანს შეეხება ზღვის დონის გრძელვადიანი აწევა.
ფოსფორი და აზოტი ის ორი სხვა უსაფრთხო საზღვარია, რომლებიც მიმდინარე ანგარიშში გამოარჩიეს. ეს საკვები ნივთიერებები გარემოში სოფლის მეურნეობის გზით ხვდება, იწვევს მცენარეებისა და წყალმცენარეების „გადაფურჩქვნას“, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველებს, გამოიწვიოს მეთევზეობის კოლაფსი ან სასმელი წყლის დაბინძურება.
წლის დასაწყისში, ზოგიერთი მეცნიერი გვაფრთხილებდა, რომ ფოსფორის არასწორ გამოყენების გამო, მივემართებით „ფოსფორგედონისკენ“.
კრიზისების რაოდენობა, რომელთა წინაშეც ადამიანები ერთდროულად ვართ, უზარმაზარია. მხოლოდ წინა თვეში, მათ შორის იყო სურსათის კრიზისი სომალის ნახევარკუნძულზე, სიცხისგან სიკვდილის შემთხვევები ინდოეთში, კატასტროფული წყალდიდობები იტალიაში, მომაკვდინებელი ციკლონი მიანმარში, მასიური ტყის ხანძრები კანადაში და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი პლანეტური საზღვრების გადაწევასთან და ამის იგნორთან.
ასობით მილიონი ადამიანი გარდაუვალი რისკის ქვეშ იმყოფება და ჩვენი პლანეტის გარკვეული ნაწილები შეიძლება აღარასოდეს გახდეს ისეთი, როგორიც იყო.
„ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის არაფერია საჭირო, გლობალური ტრანსფორმაციის გარდა. ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ეს სწორხაზოვანი სვლა არ იქნება. საჭიროა ნახტომი ჩვენს გაგებაში იმის შესახებ, როგორ შეიძლება ჩავაყენოთ სამართლიანობა, ეკონომიკა, ტექნოლოგიები და გლობალური თანამშრომლობა უსაფრთხო მომავლის სამსახურში“, — წერია მოხსენებაში.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.