თვის ბოლოს, პენტაგონის გაურკვეველ საჰაერო ფენომენთა სამუშაო ჯგუფი (UAP) ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა დაფიქსირების შესახებ ახალი მოხსენებას გამოაქვეყნებს. მისი კონტენტის შესახებ მრავალი სპეკულაცია გაჩნდა.
დოკუმენტი 25 ივნისს გამოქვეყნდება და სავარაუდოდ, წარმოადგენს აშშ-ის ხელისუფლებისთვის გაურკვეველ მფრინავ ობიექტთა (UFO) შესახებ არსებულ ცნობათა სრულყოფილ შეჯამებას.
მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება ჯერ არ გამოქვეყნებულა, The New York Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით უკვე აქვეყნებს გარკვეულ ცნობებს, რომლებიც მოხსენებაში იქნება.
გამოცემის წყაროს განცხადებით, მოხსენება არ შეიცავს რაიმე აშკარა კავშირს 120-ზე მეტ ინციდენტსა და ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ UFO-ებს შორის.
თუ ამ წყაროს დავუჯერებთ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გონივრული საბაბი, რომ ცაში შემჩნეული ეს ამოუხსნელი ობიექტები არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის მტკიცებულებად ჩავთვალოთ.
თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არამიწიერი ცივილიზაციები სამყაროში საერთოდ არ არიან? და თუ არსებობენ, ვიპოვით ოდესმე? ან იქნებ ჩვენგან იმდენად განსხვავდებიან, რომ მათი „პოვნა“ შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი გაგებით?
სამეცნიერო გამოცემა The Conversation-მა ამ კითხვით ხუთ ექსპერტს მიმართა. მათგან ოთხს სჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. მათ მიერ გაცემულ პასუხებს დეტალურად გთავაზობთ.
ჯონტი ჰორნერი, ასტრობიოლოგი:
ვფიქრობ, რომ პასუხი გადაჭრით არის „დიახ“. მაგრამ რეალური კითხვას წარმოადგენს, არიან თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენთან საკმარისად ახლოს, რომ მათი აღმოჩენა შევძლოთ?
კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გავიგეთ, რომ სამყაროში თითქმის ყველა ვარსკვლავს პლანეტები აქვს. ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია. თუ თითოეულ მათგანს ხუთი პლანეტა აქვს, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ორი ტრილიონი პლანეტა უნდა იყოს. ამავე დროს ვიცით ისიც, რომ სამყაროში იმაზე მეტი გალაქტიკაა, ვიდრე პლანეტები ირმის ნახტომში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროში წარმოუდგენლად ბევრი პლანეტაა. ამხელა მრავალფეროვნებაში შეუძლებელია გჯეროდეს, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს, მათ შორის, გონიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლე.
თუმცა საკითხავია, ვიპოვით კი ოდესმე ასეთ არამიწიერ სიცოცხლეს? რთული კითხვაა. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდში ერთ ვარსკვლავს აქვს პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია ტექნოლოგიურად მოწინავე სიცოცხლის განვითარება, რომელსაც ასევე შეუძლია, რომ თავისი არსებობის შესახებ დანარჩენ კოსმოსს გააგებინოს.
ამ შემთხვევაში, ჩვენს გალაქტიკაში 400 ვარსკვლავი იქნებოდა ტექნოლოგიურად მოწინავე სიცოცხლით. თუმცა, ჩვენი გალაქტიკა საკმაოდ დიდია — 100 000 სინათლის წელი ერთი ბოლოდან მეორემდე. ეს მანძილი იმდენად დიდია, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთისგან საშუალოდ 10 000 სინათლის წლით უნდა იყვნენ დაშორებული. ნამდვილად ძალიან შორია, რომ უცხოპლანეტელთა სიგნალები დავიჭიროთ (ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში), თუ ისინი იმაზე გაცილებით ძლიერი არ არის, ვიდრე ჩვენ მიერ გაშვებული სიგნალები.
გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ მე არამიწიერი სიცოცხლის მჯერა, ვფიქრობ, რომ ამის მტკიცებულების პოვნა განსაცვიფრებლად ძნელი იქნება.
სტივენ ტინგეი, ასტროფიზიკოსი:
დიახ, მაგრამ თამამი მტკიცებაა. ამიტომ, ნათელი გავხადოთ, რის შესახებ ვსაუბრობთ.
ტერმინში „უცხოპლანეტელი“ მე ვგულისხმობ ყველა სახის სიცოცხლეს, როგორც მას დედამიწაზე აღვიქვამთ, დედამიწის გარდა სხვა პლანეტის რეზიდენტს. გარდა ამისა, ამჟამად არ არსებობს დეტალური კონსენსუსი სიცოცხლის განსაზღვრების შესახებ. ძალიან კომპლექსური კონცეპტია. მაგრამ თუ დედამიწის მიღმა სადმე ბაქტერიის მსგავს რამეს ვიპოვით, მე მას არამიწიერ სიცოცხლეს ვუწოდებდი.
სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეულში შეიძლება მილიარდობით და მილიარდობით ვარსკვლავი იყოს. ამ ვარსკვლავთა უმეტესობას სულ მცირე ერთი პლანეტა აქვს. ეს პლანეტური სისტემები ელემენტთა მდიდარი ნაზავისგან წარმოიქმნება, მათ შორის იმ ელემენტებისგანაც, რომლებიც სიცოცხლისთვის გადამწყვეტად მიიჩნევა.
შესაბამისად, ძნელად დასაჯერებელია, რომ გარემოებათა განსაკუთრებული ნაზავი, რომელმაც სიცოცხლის აღმოცენება გამოიწვია, მხოლოდ დედამიწაზე მოხდა და არა სამყაროს ტრილიონობით სხვა პლანეტაზეც.
თუმცა საინტერესოა, ეს სიცოცხლე ბაქტერიის მსგავსია თუ ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაცია, რომელთან კომუნიკაციასაც შევძლებდით.
დიდი ძალისხმევაა მიმართული ისეთი არამიწიერი ცივილიზაციების საპოვნელად, რომლებიც შეიძლება ჩვენნაირ ტექნოლოგიებს იყენებდნენ, მაგალითად, მძლავრ რადიოტელესკოპებს რადიოტალღებით შორეულ პლანეტურ სისტემებთან კომუნიკაციისთვის.
და კიდევ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ „სიცოცხლის“ ჩვენეული განსაზღვრება საკმაოდ ვიწრო იყოს და უცხოპლანეტელები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, სრულიად განსხვავებულ წესებს ეფუძნებოდნენ.
ჰელენ მეინარდ-კასლი, პლანეტური მეცნიერი:
იმ აზრზე ვარ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის ვიპოვით ბიოლოგიის მსგავს რაღაც ისეთს დედამიწის მიღმა. იმიტომ, რომ მზის სისტემაში უკვე ბევრი ისეთი პოტენციური ადგილი ვიპოვეთ, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.
მაგალითად, არ დაგავიწყდეთ ევროპასა და განიმედეს (იუპიტერის მთვარეები) ყინულებქვეშ არსებული ოკეანეები: ამ ადგილებში ტემპერატურა ხელსაყრელია, არის წყალი და მინერალები. და კიდევ, ყველაფერს დედამიწის საზომით ვუყურებთ და ამ დროს, არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება ჩვენგან ძლიერ განსხვავდებოდეს.
სწორედ ამიტომ მხიბლავს ასე ძალიან სატურნის მთვარე ტიტანის სამომავლო კვლევები. ტიტანის ზედაპირზე მთელი რიგი საინტერესო მოლეკულებია, არის მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო აქტიური ამინდის სისტემაც და ეს ყველაფერი ჩვენს მზის სისტემაში ხდება. ამავე დროს ვიცით, რომ ჩვენს გალაქტიკაში კიდევ სხვა უთვალავი მზის სისტემაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ უფრო და უფრო გარდაუვალი ხდება, რომ სადღაც აუცილებლად ვიპოვით აქტიური ბიოლოგიის კვალს. მოგვესალმებიან? ეს უკვე სხვა საკითხია.
რებეკა ალენი, კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტი:
დიახ, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი ჩვენ არ გვგვანან.
მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 100 მილიარდზე მეტი პლანეტაა (მათგან დაახლოებით ექვსი მილიარდი დედამიწის მსგავსი უნდა იყოს). გამომდინარე აქედან, დიდია ალბათობა, რომ სიცოცხლე ყველგანაა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება.
როდესაც გვესმის სიტყვა „უცხოპლანეტელი“, ძირითადად წარმოგვიდგება ჰუმანოიდის ფორმის არსება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ დედამიწაზეც კი, სიცოცხლის გაბატონებული ფორმა გაცილებით უფრო ძველი, პატარა და მტკიცეა.
რა თქმა უნდა, მიკროორგანიზმებზე ვსაუბრობ. ეს ორგანიზმები მეცნიერებას თავგზას უბნევს, რადგან არიან იქაც, სადაც სიცოცხლე თითქოს არ უნდა არსებობდეს, მაგალითად, ვულკანურ ღრმულთა გარშემო ნალექში. მე ფსონს სწორედ ასეთი „ექსტრემოფილების“ არსებობაზე ვდებ.
NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ციცქნა ნელამავალთა (წყლის დათვები) ჯგუფი, რათა ასტრონავტები დააკვირდნენ, როგორ გაართმევენ ისინი თავს ამ ექსტრემალურ გარემოს. მზის სისტემაში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის საკვანძო ინგრედიენტები და როგორც ჩანს, დედამიწის ყველაზე მტკიცე სიცოცხლის ფორმები მთელი გალაქტიკის მასშტაბით უნდა იყოს გავრცელებული.
თუმცა რაც შეეხება უფრო მოწინავე სიცოცხლეს? რეალობა ის გახლავთ, რომ კოსმოსი უკიდეგანოა. კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისიისგან ვიცით, რომ ძნელია ისეთი პლანეტების პოვნა, რომლებიც დედამიწას ჰგავს. ამას დავამატოთ ისიც, რომ მოწინავე ფორმებამდე მიღწევისთვის სიცოცხლეს მილიარდობით წელიწადი დასჭირდა და ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ სადმე არამიწიერ არსებათა ზუსტად ჩვენნაირი სახეობა ვიპოვოთ.
იმედი მაინც არსებობს და მეცნიერები განაგრძობენ მოწინავე რადიოტელესკოპთა გამოყენებას ცაში ახალი ფორმის რადიოკომუნიკაციის საპოვნელად.
მარტინ ვან-კრანენდონკი, ასტრობიოლოგი:
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია, არა.
თუ წმინდა ემპირიულ მონაცემებს გამოვიყენებთ და ჩავთვლით, რომ კითხვა ეხება ადამიანთა საქმიანობასთან კავშირის არმქონე ნებისმიერი ტიპის სიცოცხლეს დედამიწის მიღმა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, პასუხი ამ კითხვაზე იქნება არა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კითხვასთან მიმართებაში ჩვენი ცოდნა შეზღუდულია; სიცოცხლის ნიშნების საძებნელად სამყაროს ყველა კუთხე არ შეგვისწავლია და ისიც კი არ ვიცით, რისგან შეიძლება შედგებოდეს სიცოცხლე სხვანაირ ქიმიურ სისტემებში, რადგან აქ, დედამიწაზეც კი არ არსებობს შეთანხმებული განსაზღვრება ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლის შესახებ.
გამომდინარე აქედან, უფრო ვრცელი პასუხი იქნება, რომ ჩვენ არ ვიცით. უფრო მეტიც, ამ კითხვას შეიძლება ვერც ვერასოდეს გავცეთ პასუხი გადაჭრით. რა თქმა უნდა, ამის გასარკვევად გაცილებით მეტი კვლევაა ჩასატარებელი.
იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც გავიგოთ, ახლომახლოს პლანეტათშორისი მეზობლები გვყავს თუ მართლაც მარტონი ვართ. იქნებ ამის გაგება არც არასოდეს გვიწერია.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.