ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-ის მონაცემებში, მეცნიერებმა არქტიკის თავზე ოზონის კონცენტრაციის ძლიერი შემცირება შენიშნეს. უჩვეულო ატმოსფერული პირობების, მათ შორის სტრატოსფეროში არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, ოზონის დონე მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ოზონის შრეში ხვრელის წარმოქმნა გამოიწვია.
ოზონის შრე აირის ბუნებრივი დამცავი ფენაა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, სტრატოსფეროში, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს. ულტრაიისფერი რადიაცია იწვევს კანის კიბოს, კატარაქტებსა და სხვა არაერთ პრობლემას გარემოში.
„ოზონის ხვრელი“ ყველაზე ხშირად ასოცირდება ანტარქტიდის თავზე არსებულ ხვრელთან, რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე წარმოიქმნება.
გასული კვირების განმავლობაში, გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის (DLR) მეცნიერებმა ჩრდილოეთ პოლარული რეგიონის თავზე ოზონის უჩვეულოდ ძლიერი გამოლევა შენიშნეს. თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-ის მონაცემების წყალობით, ისინი ატმოსფეროში ოზონის ხვრელის წარმოქმნას დააკვირდნენ.
ოზონის მინი-ხვრელები ჩრდილოეთ პოლუსის თავზე დროგამოშვებით წარსულშიც არის შემჩნეული, მაგრამ ოზონის გამოფიტვის მაჩვენებელი წელს იქ გაცილებით მაღალია.
„არქტიკის თავზე წელს დაფიქსირებული ოზონის ხვრელის მაქსიმალური განფენილობა თითქმის მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მხრივ ის ანტარქტიდის ხვრელს ჩამოუვარდება, რომელიც 20-35 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეც აღწევს“, — ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის მკვლევარი დიეგო ლოიოლა.
მიუხედავად იმისა, რომ ოზონის გამოლევა ზამთარში ორივე პოლუსთან ხდება, არქტიკაში ეს პროცესი ყოველთვის გაცილებით მცირე მასშტაბისაა, ვიდრე ანტარქტიდაზე. ოზონში ხვრელს წარმოქმნის უკიდურესად დაბალი ტემპერატურა (-80°C), მზის სინათლე, ქარი და ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ქლოროფთორკარბონები (CFC).
როგორც წესი, არქტიკის ტემპერატურა ანტარქტიდის მსგავსად დაბალი არ არის. თუმცა, ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო წელს ძლიერი ქარები ქროდა, რომლებმაც ცივი ჰაერის მასები ე. წ. პოლარული მორევის სახით ჩაჭედეს; პოლარული მორევს უწოდებენ ჩრდილოეთ პოლუსის თავზე სტრატოსფეროში წრიულად მქროლავ ქარებს.
პოლარული ზამთრის მიწურულს, ჩრდილოეთ პოლუსის თავზე დაცემულმა მზის პირველმა სხივმა გამოიწვია ოზონის უჩვეულოდ ძლიერი გამოლევა, რამაც თავის მხრივ წარმოქმნა ხვრელი. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხვრელის ზომა გაცილებით ჩამოუვარდება ანტარქტიდის თავზე არსებული ხვრელისას.
დიეგო ლოიოლას განცხადებით, არქტიკის თავზე ოზონის დონის შემცირება 14 მარტიდან დაიწყო და გაჩნდა ხვრელიც, რომლის კვლავ დახურვასაც მკვლევრები 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში ვარაუდობენ.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისის Copernicus Sentinel-5P-ის მენეჯერის, კლაუს ცეჰნერის განცხადებით, ისინი ოზონის გლობალური დონის მონიტორიგნს კოსმოსიდან 1995 წლიდან ახდენენ და მას შემდეგ, არქტიკის თავზე ამ ზომის ხვრელის წარმოქმნის მომსწრე პირველად გახდნენ.
2018 წლის კვლევის მიხედვით, მონაცემები მიუთითებს, რომ 2000 წლის შემდეგ, სტრატოსფეროს ოზონის შრის ნაწილი 1-3 პროცენტით აღდგა. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროსა და შუა განედების ოზონი 2030 წლისთვის უნდა აღდგეს, სამხრეთ ნახევარსფეროსი 2050 წლისთვის, პოლარული რეგიონების კი 2060 წლისთვის.
მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.