არქტიკის თავზე შარშან ოზონის უზარმაზარი ხვრელის წარმოქმნის მიზეზი ცნობილია — #1tvმეცნიერება
არქტიკის თავზე შარშან ოზონის უზარმაზარი ხვრელის წარმოქმნის მიზეზი ცნობილია — #1tvმეცნიერება

უჩვეულოდ დიდი ხვრელი, რომელიც შარშან არქტიკის თავზე, ოზონის შრეში გაიხსნა, ახალი ანალიზის მიხედვით, გამოწვეული იყო ზამთრის რეკორდული ტემპერატურით წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

უზარმაზარი ხვრელი, რომელიც არქტიკის თავზე თითქმის მთლიან ოზონის შრეს მოიცავდა, ადრე გაზაფხულზე დაიხურა, მაგრამ არის იმის შანსი, რომ მომავალში ის უფრო ხშირად განდეს.

მას შემდეგ, რაც თანამგზავრული მონაცემები სიმულაციებში შეიყვანეს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ არქტიკის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის მაღალ ტემპერატურას შესწევს უნარი, რომ შეამციროს არქტიკის დასავლეთით მიმართული ქარების ტემპერატურა.

ეს ძლიერი ქარები ზამთრიდან გაზაფხულამდე ქრის; ატმოსფერული მოდელების მიხედვით, თუ ისინი დიდი ხნით გაცივდება, შეიძლება გამოიწვიონ პოლარული ღრუბლების წარმოქმნა. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან, სტრატოსფეროში არსებული ღრუბლები ოზონის ძლიერი გამოფიტვის პროცესის მთავარი ინგრედიენტებია.

„2020 წლის გაზაფხულზე არქტიკის თავზე ოზონის დანაკარგი მიუთითებს, რომ ოზონის მშთანმთქმელი დღევანდელობის ნივთიერებები ჯერ კიდევ საკმარისად არსებობს, რომ არქტიკის სტრატოსფეროში გაზაფხულზე ოზონის გამოლევა გამოიწვიონ“, — ამბობს პეკინის უნივერსიტეტის ოკეანისა და ატმოსფეროს მეცნიერი იონგიუნ ჰუ.

მისი განცხადებით, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ოზონის ძლიერი დანაკარგი სავარაუდოდ ახლო მომავალშიც მოხდება, რადგან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში საკმარისად ძლიერია ზედაპირის ტემპერატურული ანომალიები და სხვა დინამიკური პროცესები.

ბევრმა ჩვენგანმა უკვე ვიცით, რომ ოზონის შრეში მასიური ხვრელი ყოველ გაზაფხულზე წარმოიქმნება ანტარქტიდის თავზე, მაგრამ ამ მხრივ არქტიკის ოზონი ძირითადად უფრო მდგრადია.

ოკეანესა და ატმოსფეროს შორის არსებული პლანეტური ტალღები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაცილებით ძლიერია, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფეროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ზამთრის ქარები ძირითადად უფრო თბილია და სტრატოსფეროში პოლარულ ღრუბლებს წარმოქმნის.

თუმცა, როდესაც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი ნორმალურზე მეტად თბება, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პლანეტურ ტალღათა ნაწილი სუსტდება და სტრატოსფერული გრიგალის ტემპერატურას ამცირებს.

როგორც ჩანს, სწორედ ასე მოხდა 2020 წლის გაზაფხულზე. როდესაც არქტიკის ოზონის შრეში ხვრელმა წარმოქმნა დაიწყო, მკვლევრებმა შენიშნეს რომ სუსტდებოდა პლანეტური ტალღაც, რომელსაც wavenumber-1 უწოდეს.

არქტიკის ატმოსფეროს ფართოდიაპაზონიან მოდელში მონაცემთა შეყვანის შემდეგ გამოჩნდა, რომ wavenumber-1-ის სიძლიერის შემცირება ის სავარაუდო მთავარი ფაქტორია, რომელმაც არქტიკაში 2020 წლის თებერვალი-მარტში უჩვეულოდ ცივი ქარები გამოიწვია.

ამ ტალღის შესუსტების გარეშე, ეს ხვრელი სავარაუდოდ არც არასდროს გაჩნდებოდა.

მიღებულმა შედეგებმა ასევე შეიძლება ახსნას ოზონის იდუმალებით მოცული დანაკარგები წარსულშიც. მაგალითად, 2011 წლის გაზაფხულზე, არქტიკის ოზონის შრეში ასევე დიდი ხვრელი გაიხსნა რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე. მართალია, მისი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია, მაგრამ ავტორთა აზრით, დამნაშავე მაშინაც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ზედაპირის მაღალი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო.

ამ დროისათვის გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, ოკეანის ტემპერატურის ასეთი რყევა ბუნებრივი პროცესი იყო თუ ადამიანების საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის შედეგი; თუმცა აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, პლანეტის ოკეანეები სულ უფრო და უფრო მეტ სითბოს შთანთქავს და სრულიად შესაძლებელია, რომ არქტიკის ოზონის შრეში ხვრელები მომავალშიც ხშირად გაჩნდეს.

კვლევა Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.