ოზონის ხვრელი აღმოჩენის შემდეგ წელს ყველაზე მეტად დაპატარავდა
ოზონის ხვრელი აღმოჩენის შემდეგ წელს ყველაზე მეტად დაპატარავდა

ანტარქტიკულმა ოზონის ხვრელმა წელიწადის ყველაზე პატარა ნიშნულს მიაღწია 1982 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისი მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) და NASA იუწყებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოზონის გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირებაში პროგრესს განვიცდით, სააგენტოები გვაფრთხილებენ, რომ ეს გარდამტეხი ეტაპი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღმოფხვრილია.

ოზონის ხვრელის შემცირებას მეცნიერები ატმოსფეროს ამ ფენაში უჩვეულოდ რბილ ტემპერატურას უკავშირებენ.

ოზონის ხვრელი არის ძლიერ გამოლეული ზონას ანტარქტიდის თავზე, სტრატოსფეროში, ზედაპირიდან 11-40 კმ სიმაღლეზე. NASA-ს და NOAA-ს მონაცემებით, მისმა ზომამ წლიურ პიკს 8 სექტემბერს მიაღწია, როცა 10,1 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე განივრცო, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში კი 6,2 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

როგორც სააგენტოები პრესრელიზში წერენ, წლების განმავლობაში, ნორმალური ამინდის პირობებში, ოზონის ხვრელი როგორც წესი, მაქსიმუმ 12,9 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე ივრცობა.

ფედერალური სააგენტოების ცნობით, ეს გახლავთ მესამე შემთხვევა ბოლო 40 წლის განმავლობაში, როცა ამინდის სისტემამ თბილი სტრატოსფერული ტემპერატურა გამოიწვია, რამაც შეაჩერა ოზონის დაკარგვა. სწორედ ასეთმა ამინდმა გამოიწვია ოზონის ხვრელის უჩვეულოდ დაპატარავება 1988 და 2002 წლებშიც.

NASA-ს ატმოსფეროს მეცნიერის, სუზან სტრაჰანის განცხადებით, ამ უიშვიათესი მოვლენის ამოხსნას დღემდე ცდილობენ. მისივე თქმით, გათბობის გარეშე, ჩვენ სავარაუდოდ უფრო ტიპური ოზონის ხვრელი გვექნებოდა.

სტრატოსფერული ოზონის ფენა ირეკლავს და უკან აბრუნებს მზიდან მომავალ ულტრაიისფერ რადიაციას, რითაც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს იცავს საზიანო ეფექტებისგან, მაგალითად, კანის კიბოების, კატარაქტებისა და მცენარეების დაზიანებისაგან.

თუმცა, მაცივრებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად ქლორფთორკარბონები (CFC) და ჰიდროფთორკარბონები (HFC) შლის სტრატოსფერული ოზონის მოლეკულებს და შესაბამისად, პლანეტის ზედაპირი დაუცველი რჩება დიდი ოდენობით ულტრაიისფერი რადიაციისგან.

1988 წელს დაიდო მონრეალის პროტოკოლი — გარემოს დაცვითი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეამცირა ქლორფთორკარბონების გამოყოფა.

ეს ქიმიური ნივთიერებები ატმოსფეროში ათწლეულებს სძლებენ და ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ოზონის განადგურება. მონრეალის პროტოკოლის ძალაში შესვლის შემდეგ, ოზონის ფენამ ნელა, მაგრამ მტკიცედ აღდგენა დაიწყო, მაგრამ სრულად აღდგენამდე ჯერ კიდევ შორსაა.

ყოველ წელს, ოზონის ხვრელი წარმოიქმნება სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთრის მიწურულს, როცა მზის სხივები იწვევს ქიმიურ რეაქციას ოზონის მოლეკულებსა და ქლორისა და ბრომის ხელოვნურ აქტიურ ფორმებს შორის.

ეს ქიმიური რეაქციები მაქსიმუმს აღწევს ზედა ფენის ღრუბლების ზედაპირზე. თუმცა, NASA-ს განცხადებით, ანტარქტიდის თავზე, სტრატოსფეროში, წლევანდელმა საშუალოზე მაღალმა ტემპერატურამ დაამუხრუჭა ღრუბლების წარმოქმნა და მდგრადობა. შედეგად, აღარ დაიკარგა მნიშვნელოვანი ოდენობის ოზონი.

NOAA-ს მიერ ამინდის ბუშტებით ჩატარებული გაზომვებით ირკვევა, რომ სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს ანტარქტიდის თავზე არ იყო ოზონისგან სრულიად ცარიელი ზონა.

ამინდის სისტემას, რომელმაც სექტემბერში ოზონის განადგურება შეამცირა, „უცაბედი სტრატოსფერული გათბობის მოვლენას“ უწოდებენ; წელს ის უჩვეულოდ ძლიერი იყო. NASA-ს ცნობით, დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 19 კმ სიმაღლეზე, სექტემბერში ტემპერატურა საშუალოზე 29 გრადუსით მაღალი იყო, რაც რეკორდულად თბილი მაჩვენებელი აღმოჩნდა ბოლო 40 წლის განმავლობაში.

სტრატოსფერული გათბობის მოვლენები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასუსტებს არქტიკულ პოლარულ მორევს — პოლუსს გარშემორტყმულ მაღალი სიჩქარის ჰაერის ნაკადებს, რომლებშიც ძირითადად ცივი ჰაერი იყრის თავს. იგივე ხდება სამხრეთ პოლუსთანაც.

მორევის შენელება ჰაერს სტრატოსფეროს დაბალ ფენებში ჩაძირვის საშუალებას აძლევს, სადაც ის თბება და ამუხრუჭებს ღრუბლების წარმოქმნას. სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონის მომატება ასევე განაპირობა ამ აირის იმპორტმა სხვა რეგიონებიდანაც.

ოზონის ხვრელი 1985 წელს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. იგი იმდენად საშიში იყო, რომ მის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ მიიღეს საერთაშორისო ხელშეკრულება (მონრეალის პროტოკოლი), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გარემოსდაცვით ხელშეკრულებად იქცა.

სტრატოსფერული ოზონის გამანადგურებელი ქლორფთორკარბონების რაოდენობა ატმოსფეროში კვლავ მაღალია, თუმცა მათი გამოყოფა წლიდან წლამდე მცირდება. მეცნიერთა გათვლებით, ოზონის ხვრელი 1980-იანი წლების ზომას 2017 წლისთვის დაუბრუნდება.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი