ეგვიპტეში არქეოლოგებმა უიშვიათესი ბერძნულ-რომაული ტაძრის ნაშთები აღმოაჩინეს. შემორჩენილია ნაგებობის საძირკვლის ნაწილი, მთავარი შესასვლელი და ეზო.
აღმოჩენა დასავლეთ ეგვიპტის უდაბნოში, ალ-სალამის არქეოლოგიურ ძეგლზე გაკეთდა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 320 კილომეტრით სამხრეთით.
არქეოლოგთა ჯგუფის განცხადებით, გათხრები გრძელდება და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში კიდევ უფრო მეტი არტეფაქტის აღმოჩენა მოხერხდება. ამ ეტაპზე აღმოჩენილია კერამიკა, მონეტები, მამაკაცის ქანდაკების თავი და კედლის დეკორირებული სვეტები.
არქეოლოგიურ საგანძურს შორის ასევე შედის კირქვისგან დამზადებული ლომის ორი ქანდაკება. ერთ-ერთ მათგანს არ აქვს თავი.
„ყველაზე საოცარი ის არის, რომ ახალი ტაძრების აღმოჩენა ეგვიპტეში არც თუ ისე ხშირად ხდება. როგორც ჩანს, სულ მალე ნათელი მოეფინება სივას ოაზისის მდიდარ ისტორიას“, — უთხრა კოსმოსურმა არქეოლოგმა სარა პარსაკმა National Geographic-ს.
სივას ოაზისი ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ეგვიპტური დასახლებაა. მდებარეობს კაიროდან 560 კილომეტრით დასავლეთით, კატარას დეპრესიასა და ეგვიპტის ქვიშის ზღვას შორის.
ოაზისის ისტორიის მრავალი დეტალი უცნობია, მაგრამ მიჩნეულია, რომ ადამიანები იქ სულ მცირე ძვ. წ. 10 000 წლიდან მოყოლებული ცხოვრობენ. ახლად აღმოჩენილი ტაძარი ძვ. წ. 200 – ახ. წ. 300 წლებს ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ეგიპტე ჯერ ბერძენთა, შემდეგ კი რომაელთა ბატონობის ქვეშ იყო, არქიტექტურა და რელიგია მაინც საკმაოდ ცოცხალი რჩებოდა. ტრადიციული და ახალი არქიტექტურული სტილის გავლენა კარგად შეინიშნება ამ პერიოდის შენობებზე, მათ შორის ალ-სალამში აღმოჩენილ ტაძარზე.
სამწუხაროდ, ჩვენამდე შემორჩენილია ამ ეპოქის ძალიან ცოტა ნანგრევი. სწორედ ამიტომ არის ახალი აღმოჩენა განსაკუთრებით ამაღელვებელი.
სამუშაოები ძეგლზე წლის ბოლომდე გაგრძელდება; შესაბამისად, დღის სინათლეს ალბათ კიდევ მრავალი შთამბეჭდავი ისტორიული არტეფაქტი იხილავს.
გათხრების შედეგად მეცნიერები გაცილებით მეტს გაიგებენ ამ პერიოდის ოაზისში მიმდინარე აქტივობათა შესახებ, მათ შორის, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ. ასევე ცნობილი უნდა გახდეს დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლეს უცხოელებმა ამ მიწის დაპყრობა.
გარდა რელიგიური ღონისძიებებისა, ტაძრები გამოიყენებოდა სავაჭრო დანიშნულებისა და სოციალიზაციისთვის, იქვე ცხოვრობდნენ ქურუმებიც. სავარაუდოდ, მალე მოხდება მათი სახლების აღმოჩენაც.
ამჟამად სივას ოაზისი მიჩნეული ადგილად, სადაც ალექსანდრე მაკედონელი ამონის ორაკულს შეხვდა. სწორედ აქ მიენიჭა მას ეგვიპტის ღვთაებრივი მეფის წოდება.
აღმოჩენის შესახებ ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო იუწყება. ბოლო წლებში ეს უწყება საზოგადოებას განსაკუთრებით ანებივრებს ახალ-ახალი აღმოჩენებით. წლის დასაწყისში, არქეოლოგებმა კაიროს სამხრეთით აღმოაჩინეს 2000-ზე მეტი წლის წინანდელი სამარხების ქსელი.
გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს მუმიებით სავსე 3500 წლის სამარხი.
მკვლევართა განცხადებით, ამ რეგიონის მრავალი ფანტასტიკური აღმოჩენა ჯერ წინაა, რაც ნელ-ნელა შეავსებს ეგვიპტისა და მიმდებარე ქვეყნების დიდ, მომაჯადოებელ ისტორიას.
მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.