მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ, ასრულებს თუ არა მთვარის მოძრაობა და მისი მოქცევითი დაძაბულობა რაიმე როლს დედამიწაზე მომხდარ მიწისძვრებში. როგორც ჩანს, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მივიღეთ.
იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი მიწისძვრები დედამიწაზე სავსემთვარეობის დროს ხდება — მთვარის ფაზის დროს, როდესაც მისი მოქცევით გამოწვეული დაძაბულობა დედამიწაზე პიკს აღწევს.
ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანალიზი ჩაუტარეს სამ სხვადასხვა სეისმურ მონაცემთა ბაზას — გლობალურ მონაცემებსა და კალიფორნიისა და იაპონიის ჩანაწერებს — ბოლო ორი წლის მანძილზე მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრებს (5,5 მაგნიტუდა ან მეტი).
კვლევისას, ჯგუფმა აღადგინა თითოეული ამ მოვლენის დროს არსებული მოქცევითი დაძაბულობის ზომა, იგივე ამპლიტუდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მიწისძვრები დედამიწაზე მომხდარია ახალი ან სავსემთვარეობის დროს.
მთვარის თვიური ციკლის ამ ორ წერტილში, მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე განლაგდებიან. ამ დროს მთვარის გრავიტაციული ძალა დედამიწის მიმართ ყველაზე ინტენსიურია.
მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ვარაუდობდნენ, რომ ასეთ ჩამწკრივებას ჰიპოთეტურად შეეძლო მიწისძვრის გამოწვევა, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ ეს სავარაუდოდ ასეა.
გასული 20 წლის ყველაზე მძლავრი მიწისძვრები, მათ შორის სუმატრის, ინდონეზიის (2009 წ. 9,3 მაგნიტუდა), ჩილეს (2010 წ. 8,8 მაგნიტუდა), ტოჰოკუ-ოკის (იაპონია, 2011 წ. 9,0 მაგნიტუდა) — ემთხვევა მთვარის მოქცევის მაღალ დაძაბულობას.
კვლევის დროს შესწავლილი 12-დან 9 უძლიერესი მიწისძვრა (8,2 მაგნიტუდა ან მეტი) სავსემთვარეობის დროსაა მომხდარი.
საინტერესოა, რომ ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მკვეთრი კავშირი მცირე მიწისძვრებსა და მოქცევით დაძაბულობას შორის, თუმცა მონაცემები ცხადყოფს, რომ მძლავრი მიწისძვრების პროპორცია იზრდება მთვარის მოქცევითი დაძაბულობის ზრდასთან ერთად.
თუმცა, ივლისში, აშშ-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იკვეთება კავშირი ძალიან მცირე ბიძგებსა და მთვარის პოზიციას შორის.
ეს კვლევა აშშ-ის გეოლოგიის სამსახურის წარმომადგენელმა ნიკოლას ვან დერ ელსტმა ჩაატარა. როგორც მასშია აღნიშნული, მცირე მიწისძვრები სავსემთვარეობას ემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ შეგვიძლია იმის გარკვევა თუ რა განაპირობებს მძლავრ მიწისძვრებს, მეცნიერთა აზრით ეს შესაძლოა კასკადური პროცესების შედეგი იყოს.
ორივე კვლევაზე დაყრდნობით, შესაძლოა იმის დაშვება, რომ მთვარის მოქცევითი დაძაბულობა დედამიწაზე განაპირობებს სუსტ მიწისძვრებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევებში კასკადური პროცესების შედეგად სრულ მონსტრებად იქცევიან.
„მოქცევითი დაძაბულობის გაზრდილი დონე სავარაუდოდ იწვევს კლდის ციცქნა ნატეხის ჩანგრევას, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა გიგანტური მიწისძვრის მიზეზი გახდეს“, — აღნიშნავებ მკვლევრები ჟურნალ Nature Geoscience-ში.
თუმცა, ვან დერ ელსტის თქმით, არ შეიძლება მიწისძვრების მიზეზების ახსნისას მთვარეს ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ. მისი დამნაშავეობის გამოსაკვეთად კიდევ მეტი კვლევაა საჭირო.
მისივე თქმით, მიწისძვრების მთავარი მიზეზი მაინც დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებია; ტექტონიკური ფილების ურთიერთქმედება ერთმანეთზე მანამ, სანამ რაიმე დრამატული მოხდება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით