არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა, – ამის შესახებ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მაღალია რისკი, რომ ბრალდებულმა გურწიევმა და ტაბოევმა თანამდებობრივი გავლენებისა და კავშირების გამოყენებით მავნე ზეგავლენა მოახდინონ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის საზიანოდ.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ გურწიევსა და ტაბოევს უნდა შეუნარჩუნდეთ მათ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. იმ პირების ნაწილი, რომლებიც გურწიევსა და ტაბოევს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში, ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გავლენა გააჩნიათ გურწიევსა და ტაბოვს. ძალიან მაღალია რისკი, რომ მათ თანამდებობრივი გავლენებისა და კავშირების გამოყენებით მავნე ზეგავლენა მოახდინონ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის საზიანოდ“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, როგორც ვაჟა ფუხაშვილმა აღნიშნა, დანაშაული 12-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ შეიძლება შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.

სასამართლო შეახსენებს მხარეებს, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, წამებაში დახმარება, რაც გამოიხატა ჯგუფურად რამოდენიმე პიროვნების, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, თავისუფლებაშეზღუდული არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა.

სასამართლო შეახსენებს მხარეებს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ეს გარემოება ზრდის რისკებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩადენილია უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორის ტერიტორიაზე მათთვის მინიჭებული თანამდებობების გამოყენებით. ისინი კვლავ იკავებენ პასუხსაგებ თანამდებობებს ოკუპირებული ახალგორის უშიშროებისა და პროკურატურის ორგანოებში, სარგებლობენ გავლენებითა და ძალაუფლებით დასახელებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულს, სამწუხაროდ, იყენებენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მოსამართლემ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 11 ოქტომბერს დაიწყება.

დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.

არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ. ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.