მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის განცხადებით, მან ღირსეულად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე.

„ჩემი შვილი სიცოცხლეშიც გმირი იყო ჩემთვის. ძალიან მიჭირს და ძნელია ამის თქმა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. ბუნებით იყო ძლიერი და უყვარდა სამშობლო, რომელსაც თავი შესწირა. ამაყი იყო. ცოცხალიც და მკდარიც ამაყია. მან თავი გაწირა სამშობლოსთვის და მეგობრებისთვის. არ გათელა ის დროშა, რომელიც მთელი ცხოვრება თავთან ეკიდა. ჩემი შვილი დროშაზე და ჯვარზე ფეხით არ შედგებოდა. მან თავი ანაცვალა ყველაფერს. ღირსეულად მოიხადა თავისი კაცური ვალი სამშობლოს წინაშე. ერთი წელი გავიდა და მგონია, რომ ეს ყველაფერი გუშინ იყო. ეს ტრაგედია ჩვენთვის არ დამთავრდება არასდროს. ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი ჩვენთვის და სულ ენთება. დრო მკურნალიაო, მაგრამ ეს ტყუილია. აჩიკოს გარეშე ცხოვრება რთულია“, – უთხრა ჟურნალისტებს რუსუდან ტატუნაშვილმა.

გიორგი ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არ ივიწყებს მის შვილს.

„მადლობა მთავრობას და რიგით მოქალაქეებს. ერთი წლის შემდეგ უფრო მიმძიმს საუბარი. ჩემი შვილი ცოცხალი ერთი წლის წინ ვნახე. გადის დრო და უფრო რთულია ოჯახისთვის“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის მშობლებს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მთავრობის მეთაური მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.