სოფიო კილაძე - ჩვენი მიზანია, სამართლებრივად გაესვას ხაზი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევს
სოფიო კილაძე - ჩვენი მიზანია, სამართლებრივად გაესვას ხაზი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევს

ჩვენი მთავარი მიზანია, საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე სამართლებრივად გაესვას ხაზი, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს, რომელიც პირველ რიგში, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია და ამას აქვს სისტემური ხასიათი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედება ემსახურება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები დაშინებული იყვნენ და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან ყველაფერი ქართული გაქრეს.

„ეს ემსახურება იმას, რომ ქართველები აღარ დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები კი იყვნენ დამონებულნი, დაშინებულნი და ყოველგვარი ქართული გაქრეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, ახალი სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანით, საქართველო ელის, რომ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს კონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევას რუსეთის მხრიდან.

„პირველ რიგში, ველით, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ პროცესის დასრულებისას,  დაადგენს მთელი რიგი მუხლების დარღვევას რუსეთის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს სისტემური დარღვევების არსებობას, რომელიც პირველ რიგში, ეთნიკური ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია, რომ სტრასბურგმა დაადგინოს მასობრივი დარღვევა ადამიანის უფლებების, კონვენციის სხვადასხვა მუხლების. ეს ჩვენთვის იქნება კიდევ ერთი იარაღი, საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ უფრო გამართულად და თამამად ვამტკიცოთ, რომ რუსეთს აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, გაქრეს ყოველგვარი ქართული სახსენებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, უსაფუძვლოა ოპოზიციის განცხადებები, რომ სარჩელი დაგვიანებულია.

„ვფიქრობ, ოპოზიციის ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო, რადგან ყველა საერთაშორისო ფორუმზე, საერთაშორისო ფორმატში ყოველთვის ძალიან მწვავედ ვაყენებთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს და ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ოპოზიციის ეს ბრალდებები არ მიმაჩნია მართებულად“, – განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება სანქციების საკითხს რუსეთის წინააღმდეგ, დეპუტატის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია.

„რაც შეეხება სანქციებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს რუსეთს, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 5-7 წელი ან მეტი. უპირველესად, ჩვენთვის მთავარი არის, დადგინდეს დარღვევები და  სანქციების ნაწილში მსჯელობა ამის შემდეგ გაიმართება“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, აღნიშნული სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქციაა და საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა დაეყენებინა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხი.