სალომე სამადაშვილი - საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა დაეყენებინა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხი
სალომე სამადაშვილი - საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა დაეყენებინა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქციაა.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ახალ სახელმწიფოთაშორის საჩივარზე  „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ განაცხადა, რომელიც  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით შეიტანა.

„სამწუხაროდ, სარჩელი, რომელიც დღეს მუშავდება, არის ძალიან დაგვიანებული რეაქცია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ვნახეთ უკანასკნელი წლების მანძილზე სრულიად დაუსჯელი რუსეთი ყველა ქმედებისთვის, რაც განხორციელდა აქამდე: ეს იყო ბორდერიზაცია თუ მოქალაქეების მკვლელობა და გატაცება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, სტრასბურგის პროცესი ძალიან ხანგრძლივია და გაურკვეველია, როდის დადგება მისი შედეგი.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად, საქართველოს ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაეყენებინა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხი, მათ შორის იმ უფლებათა დარღვევის გამო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში ახორციელებს.

„თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას   საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემაზე საუბარი არ სურს. სწორედ ამიტომ, არც ტატუნაშვილის მკვლელობა და არც ერთი სხვა არაკანონიერი ქმედება არ ხვდება საერთაშორისო, შესაბამისი მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის.

სარჩელს ვერ დაველოდებით იმისთვის, რომ რუსეთის სანქციების კონტექსტში რეალურად დაიწყოს სამართალდარღვევის ფაქტების განხილვა, რომელიც ხორციელდება საქართველოსთან და ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში.  უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ სანქციების რეჟიმი ფუნქციონირებს, ვხედავთ, რომ მიდის განმტკიცების კუთხით სანქციების დაწესება, თუმცა საქართველო ამ კონტექსტიდან სრულად არის ამოვარდნილი“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში პროცესი შესაძლოა, წლების მანძილზე გაგრძელდეს.

„ამასობაში კი, ჩვენ დავრჩებით კვლავ დაუცველი, ჩვენი მოქალაქეები დარჩებიან ისევ დაუცველი. სწორედ ამიტომ, რუსეთზე აქტიური დიპლომატიური ზეწოლა  და ამ საკითხის დაყენება საერთაშორისო დღის წესრიგში არის ყველაზე ქმედითი და სწრაფი გზა, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ფაქტები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლის დროს.