ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 92-ე შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე განსახილველ 11 საკითხს შორის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეები იყო. ასევ საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან, შეხვედრაზე 15 მარტს ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ინციდენტი განვიხილეთ, რაც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. მთავარი საკითხი იყო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვერ მივიღეთ მათგან პასუხი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და აღსრულდეს მათ მიმართ სამართალი.  ასევე ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ჩვენი კითხვები დარჩა კვლავ პასუხგაუცემელი. ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება სოფელ ხურვალეთში გადაადგილების შეზღუდვას, ანთიძის ინფორმაციით, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია და სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

„ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინსინუაცია თუნდაც, არა ინციდენტი, არამედ ინციდენტის ინდიკატორი, რომლისკენაც მიმართულია ღონისძიებები, რომელსაც სამართალდამცავები ატარებენ“, – განაცხადა ანთაძემ.

ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა, განაცხადა ხურვალეთში საქმე ინციდენტამდე არ მისულა.

„შეხვედრაზე ამაზე გვქონდა საუბარი. სამართალდამცავებმა ზუსტად იმუშავეს ქართული მხრიდან და სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით.  სერიოზულ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. არის თქვენთან ასეთი აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელსაც შეუძლია თქვას, თითქოს, რუსული ჯარი იპყრობდა ხურვალეთს. სინამდვილეში, ეს ფაქტი არავინ დაადასტურა, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არც ქეთევან ციხელაშვილმა, რომ რუსი სამხედროები ან ვინმე იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ყველა ძალა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო და პროვოკაციამდე საქმე არ მისულა. ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც აწყობდნენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიდნენ ძალებს, რომლებმაც თითქოს, დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. ქართველ პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, ეს დასრულდებოდა ინციდენტით. დათესონ და მოხსნან თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა.