არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. დღეს ტატუნაშვილის გასახსენებლად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი მკვლელობის საქმე ყოველდღიური განცდაა.
„ადამიანის უფლებები ფაქტობრივად უცხო ცნება გახდა მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. ტატუნაშვილის მკვლელობა არა მარტო გვახსოვს, არამედ ყოველდღიური განცდაა, იმ პირობებში, როდესაც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელები თავისუფლად დადიან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტმა მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომლის ქმედითი აღსრულების უზრუნველსაყოფად, მმართველი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ჩენ მივიღეთ შესაბამისი რეზოლუცია. ძალიან კარგად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ რეზოლუციის ქმედითი და აღსრულებითი ნაწილის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფო, ქართული თავმოყვარე სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს იმას, რომ თავისი გმირები არ დაივიწყოს, პატივი მიაგოს მათ, გაიხსენოს ხშირად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არათუ სახელმწიფოებრივი, არამედ ყველანაირი, მორალური მათ შორის, გვავალდებულებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს მსგავს ფაქტებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია წუხს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან. სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ დამნაშავეების დასასჯელად ხელისუფლება საერთაშორისო ზემოქმედების მექანიზმებს ეფექტურად არ იყენებს.
„სამწუხაროა, რომ დღემდე დაუსჯელი რჩება ტატუნაშვილის მკვლელი. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ვერ იყენებს საერთაშორისო ზემოქმედების მექანიზმებს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები შედეგი მიგვეღო. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერმა მიუნხენის კონფერენციაზე სანქციების მოთხოვნა არ გააჟღერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს მცხეთის საქალაქო სასამართლოში. ასევე სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირებულია ორი სარჩელი, სახელმწიფოთაშორისი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გააგზავნა და ოჯახის უფლებადამცველის მიერ გაგზავნილი სარჩელი „ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“.
ოჯახის ადვოკატი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის წამების შედეგად გარდაცვალებას.
„დასკვნის შედეგად, რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით იქნა ნაწამები ცხინვალში. ამ წამების შედეგად დაიღუპა ე.წ. დე ფაქტო მხარე და რუსეთი არ თანამშრომლობს ჩვენს საგამოძიებო უწყებებთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დამნაშავე პირების დადგენა. მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა წამების შედეგად და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვიგებთ ამ სარჩელს. ალბათ რუსეთის ფედერაციას დაევალება გამოძიების ჩატარება ამ მიმართულებით და დამნაშავე პირების დასჯა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საჭიროებს გაფართოებას და აუცილებელია, ყველა პირი, ვისი იდენტიფიცირებაც ხერხდება ამ დანაშაულში, ჩაერთოს ამ სიაში“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად, ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს ე.წ. „შავ სიას“ იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულთა ჩადენასა და დაფარვაში.