„არავინ დატოვო... მიღმა“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონფერენცია გაიმართა [ფოტო]
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „არავინ დატოვო… მიღმა“ გაიმართა.
დღევანდელ კონფერენციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობა განიხილეს და ამ კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ჩვენი სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს მიზანი გახლავთ ინკლუზიურობასა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება ყველა სფეროში, იქნება ეს განათლება, კულტურა, მეცნიერება, თუ სპორტი. მინდა, ყველა ორგანიზაციას, ადგილობრივსა თუ საერთაშორისოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პროექტებს ახორციელებს, ამ მიმართულებით მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.
განათლების სამინისტრომ წარადგინა ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს შშმ ბავშვთა და მოზარდთა გარდამავალ მენეჯმენტს ყველა საფეხურზე. დოკუმენტი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ჩართულობით შეიქმნა.
დაუნის მსოფლიო დღეს საქართველოში სპეციალური კვირეული მიეძღვნა. როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ დახმარებას გაუწევს.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.