არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეს მოუსმენენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს მოწმეების დაკითხვით განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დახურულ სხდომაზე თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს მოუსმენენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ სხდომაზე სხვა მოწმეებიც დაიკითხონ, მაგრამ მათი ვინაობა დაცვის მხარისთვის უცნობია.
„51-ე სკოლის მოსწავლე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმე, ის პირდაპირი მოწმეა, უშუალოდ ფაქტის შემსწრე და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს, დანარჩენ მოწმეებზე არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ მათზე ვერ ვისაუბრებ” – განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა.
სასამართლო მედიისთვის კვლავ დახურული იქნება. მას მხოლოდ ბრალდებულის მშობლები და დაზარალებულის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
საქმეზე უკვე 10-მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის არიან – ექსპერტები, საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, მანდატური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმები და ერთ-ერთი თვითმხილველი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.