არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ცრუ ჩვენების ეპიზოდზე, მოწმის სახით, ზვიად კუპრავა დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულია არასრულწლოვანი დ.ღ., მოწმის სახით, ზვიად კუპრავა დაიკითხება.
როგორც კუპრავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სიცრუეა, თითქოს, ის და მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე დ.ღ.-ს არ შეხვედრიან.
მისი თქმით, დ.ღ.-სთან შეხვედრაზე სხვა პირიც იმყოფებოდა და სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს დღევანდელ სხდომაზე.
კუპრავას თქმით, შეხვედრაზე დ.ღ.-მ მკვლელობის ადგილზე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ყოფნა დაადასტურა.
სხდომის დაწყებამდე დ.ღ.-ს ადვოკატმა, ფრიდონ სუხიაშვილმა განაცხადა, რომ დ.ღ.-ს შეხვედრა კუპრავასა და სარალიძესთან სადაო თემას არ წარმოადგენს. შეხვედრის შესახებ კი, დ.ღ.-მ სასამართლოში იმ მოტივით არ ისაუბრა, რომ დავით სარალიძის მამამაც სთხოვა, არ ეთქვა და საქმის პროკურორებმაც უთხრეს, რომ სასამართლოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი არ იყო.
ადვოკატი უკანონოდ მიიჩნევს დ.ღ.-ს ბრალდების საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად კუპრავასა და ზაზა სარალიძის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს არასრულწლოვნებთან შეხვედრიდან, რომელიც პროკურატურამ სატელევიზიო გაშუქების შემდეგ საქმეს დაურთო.
დღევანდელ დახურულ სხდომაზე სხვა მოწმეებიც დაიკითხებიან.