თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ექსპერტების დაკითხვა გრძელდება. ექსპერტები კომპლექსური ექსპერტიზის მომზადებაში მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარეები ზუსტად ხუთი თვის განმავლობაში ელოდნენ.
დოკუმენტის მიხედვით, არ არის დადგენილი თუ რომელი მკვლელობის იარაღით აქვთ მიყენებული გარდაცვლილებს დაზიანებები.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. კერძოდ, გაგრძელდება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მასში მონაწილე ექსპერტი დაიკითხება. ექსპერტი სამედიცინო კუთხით ისაუბრებს დასკვნაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაიკითხება ფაქტის თვითმხილველი მოწმე, ასევე დაიკითხება საქმის გამომძიებელი”, – აცხადებს საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე.
მისი განმარტებით, დაცვის მხარეს ნივთმტკიცებები გამოსაკვლევად კვლავ არ წაუღია.
„ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, რათა დაცვის მხარეს გადასცეს ის ნივთიერი მტკიცებულებები, რასაც ისინი ითხოვდნენ. თუმცა მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, დღემდე ვერ მოხერხდა დაცვის მხარისთვის ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემა, ჩვენგან გამოთხოვა და მასზე შესაბამისი საექსპერტო კვლევის ჩატარება”, – აცხადებს ფხაკაძე.