გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს იმ ექსპერტებს დაკითხავენ, რომლებმაც გარდაცვლილის ცხედარზე პირველი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს იმ ექსპერტებს დაკითხავენ, რომლებმაც გარდაცვლილის ცხედარზე პირველი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დღეს მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხებიან. კერძოდ, როგორც საქმის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, დღეს იმ ექსპერტებს დაკითხავენ, რომლებმაც გარდაცვლილის ცხედარზე პირველი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს.

„დღეს ათი მოწმე გვყავს, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და მათ სისწორეს, უტყუარობას დაადასტურებენ. დღევანდელ პროცესზე არ იგეგმება დაზარალებულების დაკითხვა. ათი მოწმე საკმაოდ მოცულობითია. ისინი არიან მხოლოდ ექსპერტები და გამომძიებლები. იკითხებიან ის პირები, რომლებმაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარეს. საუბარია პირველ სამედიცინო ექსპერტიზაზე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

არასრულწლოვნების ერთ-ერთი ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებს მნიშვნელოვანი კითხვები ექმნებათ.

„რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ისევ ვიტყვი, არ ვფლობ ინფორმაციას, თუმცა თუ მივყვებით ბოლო პროცესებს, ერთი მნიშვნელოვანი მოწმე აუცილებლად დაიკითხება. ვგულისხმობ „ოქროს მოწმეს“. ბუნებრივია, გვექნება მნიშვნელოვანი კითხვები. გვაინტერესებს, რა პირობებში დაიკითხნენ ისინი. ყველა მოწმე არის მნიშვნელოვანი საქმისთვის, რადგან ისინი აწვდიან ინფორმაციას სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.