არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს სამედიცინო ექსპერტები დაკითხეს, გამოიკვლიეს ბრალდების ექსპერტიზის დასკვნა და ნივთმტკიცებები
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ორი სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. გარდა ამისა, გამოიკვლიეს ბრალდების მხარის კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა და ასევე ნივთიერი მტკიცებულებები.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ექსპერტების ჩვენებითა და გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება და ვერც დადგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების რაოდენობა და ეს ორივე ექსპერტმა მკაფიოდ დაადასტურა.
მისი თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ორმა ბრალდებულმა გამოიყენა ორი დანა, რომლითაც შესაძლოა გარდაცვლილს ჭრილობები ჰქონოდა მიყენებული.
პროკურორი ხაზს უსვამს, რომ სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, გარდაცვლილისთვის დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო საქმეში ნივთმტკიცებად დართული დანით, ან სხვა მსგავსი დანით.
„ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, თითქოსდა დაზიანებები მიყენებულია სხვა დანებითაც. ვერცერთი ექსპერტი ვერ გეტყვის, რომ კონკრეტულად ამ დანით არის მიყენებული ჭრილობა, თუ მას რაიმე ინდივიდუალური, მკვეთრად გამოკვეთილი თვისება არ გააჩნია, პრაქტიკის მიხედვით ასეა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს ჩვენ დაცვას არ ვაძლევთ მტკიცებულებებს, ეს არის მტკნარი სიცრუე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს შესთავაზა, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებები წაეღოთ და საექსპერტო კვლევა ჩაეტარებინათ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ნივთიერი მტკიცებულებები კვლავ ჩვენ გადმოგვეცა“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ექსპერტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუყენებია დაზარალებულისთვის ის ჭრილობა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
„დადგინდა, რომ იმ დანით, რომელი დანის ფლობასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, არ არის მიყენებული ჭრილობა, რომლითაც მოზარდი გარდაიცვალა, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ქმედებას და არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და შედეგს შორის.
თუ სასამართლო ამ მტკიცებულებებს ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასებს, არანაირად არ გაიზიარებს ბრალდების მხარის სრულიად დაუსაბუთებელ პოზიციას. ექსპერტი ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რამდენი დანით არის დაჭრილი დავით სარალიძე. სამწუხაროდ, დაცვის მხარეს გვაქვს საკმაოდ მცირე დრო, რათა წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნები და დავკითხოთ ეს ექსპერტები სასამართლოში, რათა მათ დაადასტურონ ექსპერტიზის დასკვნის ავთენტურობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი ინსტანციის დასრულებამდე მივაღწიოთ და წარმოვადგინოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოვადგინოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოწმეების დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 15:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.