ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა სავარაუდოდ დღეს დასრულდება, რის შემდეგაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ხუთ მოწმეს დაკითხავს. მათ შორის ერთს, ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვს წარდგენილი და წინასწარ პატიმრობაშია.
ასევე დაიკითხებიან მოზარდები, რომლებიც შემთხვევის ადგილას არ იყვნენ, თუმცა მომხდარი კონფლიქტის შესახებ, როგორც პროკურორი ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ.
გარდა ამისა, დაიკითხება მოწმე, რომელიც დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილას მივიდა და ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვანი ნახა.
„დღეს ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს. მოწმეებიდან დაიკითხება ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც კონფლიქტის დასრულებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდა და ჯერ კიდევ ცოცხალი მოზარდი ნახა. ასევე ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დანაშაულის დაფარვაში აქვს ბრალი. ასევე სამი მოზარდი, რომლებსაც შეუძლიათ, ისაუბრონ გარკვეულ დეტალებზე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.