არასრულწლოვნების დაჭრისთვის დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება
არასრულწლოვნების დაჭრისთვის დაკავებულს, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. დაპატიმრებულ მოზარდს სამედიცინო ექსპერტიზას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები უტარებენ.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცირე დაზიანებები აქვს, თუმცა ადვოკატი ირმა ჭკადუა არ აკონკრეტებს, რით აქვს დაზიანებები მიყენებული დაკავებულ მოზარდს.
არასრულწლოვანს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულთან მამა და ადვოკატი იმყოფებიან. მას გამოძიება სამი ყოფილი თანაკლასელის დაჭრას ედავება.
ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს და ცივ იარაღზე სამართალდამცველებს მან თავად მიუთითა.
შსს-ს ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული სამარალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.