არასრულწლოვნების დაჭრისთვის დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა
არასრულწლოვნების დაჭრისთვის დაკავებულს, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაპატიმრებულ მოზარდს სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ჩაუტარეს.
დაკავებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ექსპერტებმა აღწერეს და დააფიქსირეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხეულზე არსებული დაზიანებები.
როგორც ჭკადუა ამბობს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
„საქმის მასალებში არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაკითხული არიან კონფლიქტში მონაწილე პირები და მათ შორის დაზარალებული პირები, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ადამიანი იყო ალბათ 6-7, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შსს-ს ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული სამარალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.