არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მოსწავლეების გამოკითხვა გრძელდება [ვიდეო]
თბილისის მთავარ სამმართველოში ხორავას ქუჩის საქმეზე კიდევ ორი მოსწავლის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი 51-ე სკოლის მოსწავლეა. ის საგამოძიებო უწყებაში დედასთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.
მეორე არასრულწლოვანი დაახლოებით ერთი საათის წინ მშობელთან ერთად პოლიციის სამმართველოში სამართალდამცველთა თანხლებით მიიყვანეს.
ადვოკატები არ აკონკრეტებენ, ფლობენ თუ არა არასრულწლოვნები რაიმე ინფორმაციას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.