აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ტენტი გაშალეს [ფოტო/ვიდეო]
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტენტი გაშალა.
ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს მიმართა, მიეცათ საშუალება, ტერიტორიაზე ტენტით მშვიდობიანად შესულიყო, სიმბოლურად გაეშალა და ამით ტერიტორიიდან კარვების აღება გაეპროტესტებინა.
აქციის მონაწილეებმა ტენტი რამდენიმე წუთით გაშალეს.
დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.
ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.