დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო
დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო. ამ წუთებში ადგილზე საბავშვო ატრაქციონებს დგამენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან ბოლო თვეების განმავლობაში გაშლილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ კარვები.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობელი იხსენებს, თბილისის მერიის თანამშრომლებმა ნივთების გატანა არ აცალეს და კარვები დასუფთავების მანქანებით წაიღეს. ადგილზე იმყოფება საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია დასუფთავების სამსახურისთვის, თუმცა ის სამართალდამცველებმა დასუფთავების სამსახურის მანქანიდან იძულების წესით ჩამოიყვანეს.

ადგილზე ასევე შელაპარაკება მოუვიდათ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილსა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერმა ისარგებლა წინასაახალწლო დღეებით და ღამით მალულად აიღეს კარვები. ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები სადღესასწაულო დღეების შემდეგ განახლდება.