ანა ნაცვლიშვილი - მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, არ მგონია, მოგწონდეთ, რომ თითო-ოროლა დამნაშავის გამო ყველას გეწერებათ მძიმე სახელი, გვჯერა, ჯარი, პოლიცია დადგება ხალხის მხარეს
ანა ნაცვლიშვილი - მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, არ მგონია, მოგწონდეთ, რომ თითო-ოროლა დამნაშავის გამო ყველას გეწერებათ მძიმე სახელი, გვჯერა, ჯარი, პოლიცია დადგება ხალხის მხარეს

მივესალმები საქართველოს ათიათასობით თავისუფალ, ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად, ერთობით, სიმტკიცითა და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ეროვნულ არჩევანს და ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, სტუდენტები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთის უკანა ეზო.

„ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც რეზინის ტყვიები, არც ხელკეტები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა, არც უკანონობა, მაგრამ ეს ადამიანები დგანან ერთად, მედგრად და ეუბნებიან თქვენს რუს ოლიგარქს, რომ არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში, ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ მათ რუსეთში გაიღვიძონ, ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და გვიბრძოლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ.

სტუდენტები გეუბნებიან, რომ არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო. დღეს გამოვიდნენ მომავალი ექიმები და თქვეს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ, რათა ვუმკურნალოთ ჩვენს ქვეყანას, მოვუაროთ იმ იარებს, რომელსაც თქვენ აჩენთ საქართველოს სხეულზე და ასეც იქნება, ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ღრმად სწამს, რომ იყო ქართველი, იყო საქართველოს მოქალაქე, ეს არის უდიდესი პატივი, პრივილეგია და უდიდესი ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, რაც არ უნდა მძიმე და რაც არ უნდა ძნელი იყოს ამ გზის გავლა.

მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, არ მგონია, მოგწონდეთ, რომ თითო-ოროლა სადისტისა და დამნაშავის გამო ყველას გეცხებათ ჩირქი და ყველას გეწერებათ ძალიან მძიმე სახელი. არ მგონია, იმ ხალხს, ვინც იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ვინც იბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ და ბევრი თქვენგანი დღემდე სხეულით ატარებთ იმ იარებს, რომლებიც აფხაზეთის ომში, რომლებიც აგვისტოს ომში რუსეთმა მოგაყენათ, რომლებსაც თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი რუსეთის მიერ დაჭრილი თუ მოკლული თანამებრძოლი, არ მგონია, მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითო-ოროლა სადისტი, გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რამდენად სასიცოცხლო და კრიტიკულია საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენდნენ. ჩვენ გელოდებით, ჩვენ გვჯერა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია დადგება ხალხის მხარეს, ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.