ანზორ ქოქოლაძე - ისეთი თავისუფალი ბიზნესგარემო, როგორიც საქართველოშია, გაცილებით მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწეველია
ანზორ ქოქოლაძე - ისეთი თავისუფალი ბიზნესგარემო, როგორიც საქართველოშია, გაცილებით მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწეველია

ძალიან მადლობელი ვარ „ქართული ოცნების“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილის, რომ დღეს ასეთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები ტარდება და ბიზნესი ასეთი თავისუფალია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ანზორ ქოქოლაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასეთი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა, არა მხოლოდ ამ ტიპის ღარიბ ქვეყანაში, არამედ ეს მიუღწეველია გაცილებით მდიდარ ქვეყნებშიც. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც და სხვაგანაც, მაგრამ ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არსად არ არის. რამხელა მიღწევაა ის, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვა შეგვიძლია“, – განაცხადა ქოქოლაძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, რიგი შეცდომების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული საზოგადოებისგან ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ დარწმუნებულია, მმართველი პარტია ამ გამოწვევას მიიღებს, გააანალიზებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ყვითელ ბარათს არ დაიმსახურებს, რადგან შეძლებს, მიდგომები რადიკალურად შეცვალოს.

„ნაციონალური ხელისუფლების დროს, „კავკასიისა“ და „მაესტროს“ გარდა, ყველა არხი ერთ ხმაში საუბრობდა, რომ ქვეყანა და ბიზნესი ყვაოდა, მაგრამ ეს არავის არ სჯეროდა, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი იცის. დღეს, თითქმის ყველა ტელევიზიაში გადის ძირითადი ნარატივი, რომ აი, ბიზნესი დაიჩაგრა და აოხრდა, მაგრამ ამის არავის სჯერა, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.