ანზორ ერქომაიშვილი - ინგლისურენოვანი ნაშრომი, რომელიც ქართულ კულტურას უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს, მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნის ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და არქივებში დაიდება
ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის განცხადებით, მეცნიერული ნაშრომი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, სამტომიანია და ის ქართულ კულტურას უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს.
მისივე თქმით, ინგლისურენოვანი ნაშრომი მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში, ყველა ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტებსა და არქივებში დაიდება.
„ეს არის სამტომეული, სადაც თავმოყრილია არქეოლოგია,არქიტეტურა, ეთნოგრაფია, მუსიკა რაც მთავარია, ხალხური მუსიკა, სიმღერა, საგალობელი, ცეკვა, მუსიკალური ფოლკლორი, ინსტრუმენტები, 2 491 ნიმუშია, წარმოუდგენელი ციფრია ხომ? ვფიქრობ, რომ დიდი საქმე გაკეთდა, რადგან ეს ნაშრომი მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში, ყველა ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტებსა და არქივებში დაიდება. ეს წარმოაჩენს ქართულ კულტურას უმაღლეს დონეზე. ჩვენ იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე ქართული კულტურაა, არაფერი გაგვაჩნია და რაც დრო გავა, ის მეტად პოპულარული გახდება. მადლობა ყველას, ვინც ხელი შეუწყო ამ არაჩვეულებრივი გამოცემის შესრულებას“ ,- განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.
„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.