ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგა და ეს საფრთხე ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ბირთვული გეგმები და ბალისტიკური რაკეტის ყოველი გამოცდა მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჩრდილოეთ კორეაზე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხრიდან სანქციების სახით ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ანტონიო გუტიერესმა.
გუტიერესმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით კი ისრაელ-პალესტინის 70-წლოვან კონფლიქტზე. მისი თქმით, ორივე მხარე ვალდებულია, დეესკალაციის მიზნით, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან. ანტონიო გუტერესი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირებას ხელი უნდა შეუწყონ.
ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებზე დღეს ბავარიაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც იმსჯელა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობაზე.
სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ერთადერთი ბერკეტია, რისი საშუალებითაც ფხენიანის რეჟიმის ბირთვული მიზნების გაკონტროლება შეიძლება.