ენტონი ბლინკენი - ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს
ენტონი ბლინკენი - ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს

ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით.

„რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია და ის დაკავებულია ბირთვული იარაღის უგუნური და საშიში ჟღარუნით, ხოლო მისი პრეზიდენტი უკრაინის თავდაცვის მხარდამჭერებს აფრთხილებს, ვციტირებ – „შედეგების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გინახავთ მთელი ისტორიის განმავლობაში“. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ის ასევე ეწინააღმდეგება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელთა დაცვისკენ ჩვენ ყველა მივისწრაფვით. თუმცა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ ამ კონფერენციაზე, ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან უკრაინას 1994 წელს მისცა ე.წ. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რომლებიც იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას ჰქონოდა ნდობა, უარი ეთქვა ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომელიც მის ტერიტორიაზე დარჩა. რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი დაცვისთვის, თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი აშშ-სთვის, ირანისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამაც ახსენა და განაცხადა, რომ ახლა, როდესაც გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენცია მიმდინარეობს, ფხენიანი თავისი მეშვიდე ბირთვული ცდის ჩატარებისთვის ემზადება.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბირთვული იარაღის რაოდენობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა, გლობალური მასშტაბით ჯერ კიდევ რჩება 10 000-ზე მეტი ბირთვული იარაღი.

„შემცირების ტენდენციის შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა დავუახლოვდეთ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე. ამის მისაღწევად, მე მოვუწოდებ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ჩართულობისკენ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.