დიმიტრი მურატოვი - რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს, იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის
დიმიტრი მურატოვი - რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს, იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს, იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის, – ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, დიმიტრი მურატოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მურატოვის თქმით, რუსეთში ორმა თაობამ იცხოვრა ბირთვული ომის საფრთხის ქვეშ, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდა.

„დააჭერს პუტინი ბირთვულ ღილაკს თუ არა? ვინ იცის? ეს არავინ იცის. არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც დანამდვილებით იტყვის. ჩვენ ვხედავთ, როგორ ამზადებს სახელმწიფო პროპაგანდა ხალხს, იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის. სატელევიზიო არხებზე აქ ბირთვული ომი და ატომური იარაღი რეკლამირებულია, თითქოს ისინი შინაური ცხოველების საკვების რეკლამას აკეთებდნენ. ისინი აცხადებენ: „ჩვენ გვაქვს ის რაკეტა, ეს რაკეტა, სხვა ტიპის რაკეტა“. ისინი საუბრობენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამიზნეზე, ბირთვული ცუნამის გამოწვევის შესახებ, რომელიც წალეკავს ამერიკას. რატომ ამბობენ ამას? რათა აქ ხალხი მზად იყოს“, – აცხადებს დიმიტრი მურატოვი.

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის განცხადებით, რუსეთში ხალხი პროპაგანდით არის დასხივებული და პროპაგანდა არის რადიაციის ტიპი, რომლის მიმართ ყველა მგრძნობიარეა და არა მხოლოდ რუსები. მურატოვი ასევე ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ნორმალური ურთიერთობები აღარასდროს იქნება.