ანტონიუ გუტერეში - ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, როდის მიიღებს საკვებს, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია
ანტონიუ გუტერეში - ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, როდის მიიღებს საკვებს, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ავღანეთი ახალ ფაზაში შედის, მინდა, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ამ ქვეყანაში გაღრმავებული ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის, აგრეთვე, ძირითადი სერვისების სრული ჩამოშლის საფრთხის გამო“, – ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.

მისი თქმით, ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს – 18 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება გადარჩენისთვის.

„ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, როდის მიიღებს საკვებს. ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ წვდომას ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე. ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.