ანტონიუ გუტერეში - ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, არასწორმა კომუნიკაციამ, შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რაც დამღუპველი იქნება ყველა მონაწილისთვის და მსოფლიოსთვის
ანტონიუ გუტერეში - ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, არასწორმა კომუნიკაციამ, შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რაც დამღუპველი იქნება ყველა მონაწილისთვის და მსოფლიოსთვის

ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, ერთმა არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოუდგენელი, სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი იქნება ყველა მონაწილისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელმა დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე, ისევე როგორც სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვა და აღნიშნა, რომ „დროა, დასრულდეს შურისძიების სისხლიანი ციკლი“.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს ზღვარზე მიიყვანს.

გუტერეშმა ხაზი გაუსვა დიპლომატიის აუცილებლობას, რომელიც გამოიწვევს დეესკალაციას, დაწყებული ღაზიდან.

„ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულება მნიშვნელოვნად განმუხტავს დაძაბულობას რეგიონში. 7 ოქტომბერს „ჰამასისა“ და პალესტინის სხვა შეიარაღებული ჯგუფების საშინელი ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის, მასობრივი მკვლელობები, სექსუალური ძალადობის გამოყენება, წამება და მძევლების აყვანა იყო კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების აუტანელი უარყოფა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური წესების დარღვევა. იმავდროულად, ისრაელის თითქმის შვიდთვიანმა სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში ჰუმანიტარული ჯოჯოხეთი შექმნა. ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 800-ზე მეტი ბავშვი, ხოლო ორი მილიონი პალესტინელი ახლა შიმშილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მასშტაბური დახმარების მიწოდება მოითხოვს ისრაელის სრულ და აქტიურ ხელშეწყობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.