„ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია“
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რაც საზოგადოებამ პირველივე დღიდან იცოდა, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევი იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კითხვებს პასუხი ძალოვანმა მინისტრებმა და იუსტიციის მინისტრმა უნდა გასცენ.
“კითხვები გვაქვს – თავის დროზე ეს ადამიანი საქართველოში როგორ მოხვდა და ქართული ციხიდან მისი გათავისუფლება რა პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო. ასევე გვაინტერესებს, საქართველოში ტერორისტები როგორ შემოვიდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ და იარაღი შემოიტანეს თუ არა ქვეყნის საზღვარზე. ამ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ეს ის კითხვებია, რაზეც პასუხი მხოლოდ ქართულ ოპოზიციას არ აინტერესებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ საინტერესოა, ეს ადამიანები საქართველოს საზღვრზე როგორ შემოვიდნენ”, – განაცხადა აბესაძემ.