„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები ხურვალეთში შესვლას ცდილობენ [ვიდეო]

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები სოფელ ხურვალეთთან მდებარე ქართულ საგუშაგოსთან იმყოფებიან. ისინი სოფელ ხურვალეთში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც საგუშაგოსთან მყოფი პოლიციელები არ აძლევენ.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ აინტერესებთ, როგორ არის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა.

როგორც ქართველმა სამართალდამცველებმა განუცხადეს, ხურვალეთში მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება. ამასთან, პოლიციელები მოითხოვენ, საგუშაგოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.